ახალი ამბები

მღვდელმსახურების შეჩერება შეღავათიანი გადაწყვეტილებაა, რადგან სარიას დანაშაული განკვეთასაც გულისხმობს – ჯაღმაიძე

22 იანვარი, 2020 •
მღვდელმსახურების შეჩერება შეღავათიანი გადაწყვეტილებაა, რადგან სარიას დანაშაული განკვეთასაც გულისხმობს – ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ინჩხურის ტაძრის ყოფილ წინამძღვარ მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის  მღვდელმოქმედების აკრძალვასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ანდრია სარიას გასული წლის დეკემბერში მიეცა გაფრთხილება შესაბამისი კომისიის მიერ, თუმცა მისი მხრიდან ამ გაფრთხილების “სრული იგნორი მოხდა”.

“იგივე ქმედებები გააგრძელა, რაც გულისხმობს საჯაროდ გაკეთებულ უსაფუძვლო, შეურაცხმყოფელ განცხადებებს საპატრიარქოს და იერარქების მიმართ. რადგანაც კომისიის  შენიშვნის გათვალისწინება არ მოხდა, მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა, ამ შემთხვევაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მიიღო ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ანდრია სარიას განცხადების საპასუხოდ, რომ მისთვის მღვდელმსახურების აკრძალვა კანონიკური წესების დარღვევით მოხდა, რადგან ეს საკითხი მინიმუმ 6 მღვდელმთავარს უნდა განეხილა, ჯაღმაიძე ამბობს:

“მამა ანდრია სარია, ალბათ, გულისხმობს იმ კომისიას, რომელზეც ის უკვე იყო და ამ კომისიის მერე, რადგანაც ზუსტად იგივე დაარღვია, რაზეც კომისიამ მიუთითა, მღვდელმთავარს შეეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება”.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ასევე, დაასახელა ის განცხადებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერებას.

“ბოლო დროის მის განცხადებებს გადახედეთ. იქ არის ასეთი გამონათქვამები, რომ საპატრიარქო არის ყველაფერში დამნაშავე; მღვდელმთავრების მიმართ არის შეურაცხმყოფელი განცხადებები; რომ პატრიარქის გარემოცვა ბანდაა; რომ საპატრიარქო არის დამსჯელი ორგანიზაცია, სახელმწიფოსთან ერთად და მსგავსი”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია სარიას მიერ პატრიარქთან შეხვედრის მოთხოვნის თაობაზე ჯაღმაიძე აცხადებს, რომ არ იცის, პატრიარქი რას გადაწყვეტს, თუმცა ანდრია სარიას ამაზე ადრე უნდა ეფიქრა.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პატრიარქის გულმოწყალების კიდევ ერთი ნიმუშია ის, რომ ანდრია სარიას ამდენი ხნის განმავლობაში ეძლეოდა ძალიან ბევრი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოენანიებინა.

“ის დანაშაული, რის გამოც მას მღვდელმსახურება შეუჩერეს, გაცილებით უფრო მკაცრ გადაწყვეტილებას – საერთოდ განკვეთასაც გულისხმობს. ამ ფონზე, ეს არის კიდევ ერთი შეღავათიანი გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს პატრიარქის 20 იანვრის დათარიღებული ბრძანებით, ინჩხურის ტაძრის ყოფილ წინამძღვარს ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა. ანდრია სარიას თქმით, მღვდელი მინიმუმ 6-მა მღველმთავარმა უნდა განსაჯოს, თუ კანონიკურ დარღვევაშია ეჭვმიტანილი, მაგრამ საკითხის განსახილველად არავის დაუბარებია.

ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აუკრძალეს

მასალების გადაბეჭდვის წესი