ახალი ამბები

რა ბედი ელის პარლამენტის წინ 1989 წლის 9 აპრილის დროინდელ ფილებს

22 იანვარი, 2020 •
რა ბედი ელის პარლამენტის წინ 1989 წლის 9 აპრილის დროინდელ ფილებს

“ევროპული საქართველოს” წევრი, თბილისის ყოფილი მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებისას იმ ფილების დაზიანების საფრთხეზე საუბრობს, რომელზედაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეების სისხლი დაიღვარა.

“როდესაც პარლამენტის წინა სივრცის რეკონსტრუქცია გაკეთდა და 9 აპრილის მემორიალი დაიდგა, ახლად დაგებულ ფილებს შორის შენარჩუნდა ის ფილები, რომელზედაც ქართველების სისხლი დაიღვარა 1989 წლის 9 აპრილს. პრორუსული “ოცნებისგან” ისიც მოსალოდნელია, ჩვენი ისტორიის ეს ნაკვალევიც გადაშალონ. ამიტომ წინმსწრებად ვწერ, როგორც გაფრთხილებას. იმედია, მომავალი თაობები შეგვინარჩუნებენ ამ მეხსიერებასაც და ამ ფილებსაც”, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯერ კიდევ 2019 წლის 26 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც, მისი თქმით, დღეს ისევ აქტუალური გახდა.

თბილისის მერიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ფილები შენარჩუნდება.

“მერიამ პარლამენტის წინ მდებარე მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო, რის ფარგლებშიც დაგეგმილია 9 აპრილის მემორიალის რეკონსტრუქციაც. თბილისის მერია სიფრთხილით ეკიდება თითოეულ ფრაგმენტს და, რასაკვირველია, 9 აპრილთან დაკავშირებული ყველა დეტალი, მათ შორის ფილები იქნება შენარჩუნებული”, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

9 აპრილის ფილები პარლამენტთან; ფოტო: ზურაბ ჭიაბერაშვილის ფეისბუქ გვერდიდან

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი