ახალი ამბები

ომბუდსმენი წულუკიანის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს გამო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს

22 იანვარი, 2020 •
ომბუდსმენი წულუკიანის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს გამო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს

სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს და იუსტიციის მინისტრის მიერ გასაჯაროებული ვიდეოს კანონიერების შესწავლას ითხოვს.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს “სახალხო დამცველის შესახებ” ორგანული კანონი სახალხო დამცველის რწმუნებულისა და პატიმარის შეხვედრის რაიმე სახის მიყურადებას ან თვალთვალს უკრძალავს.

ციხეებში ვიდეო/აუდიოჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის ბრძანება განსაზღვრავს. ბრძანებით კი ჩანაწერის შენახვის ვადა კონკრეტული მიზეზით უნდა დასაბუთდეს.

“პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის N35 ბრძანება. ბრძანება ადგენს ვიდეოჩანაწერების დაარქივების კონკრეტულ საფუძვლებს, მათი დაარქივების მიზნობრიობას, დაარქივებაზე პასუხისმგებელ პირებს, პროცედურას და შენახვის ვადებს.

ვინაიდან სახალხო დამცველის ერთ-ერთი რწმუნებულისა და პატიმრის შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის დროს რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ იკვეთება და ცალსახად გაუგებარია ვიდეოჩანაწერის დაარქივების მიზნობრიობა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მხრიდან ვიდეოჩანაწერების დაარქივებისა და ხანგრძლივი ვადით შენახვის პროცესში სახეზეა ცალსახა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ასევე, ორივე რწმუნებულის ეპიზოდში – მათი მაიდენტიფიცირებელი ვიდეოკადრების გასაჯაროება არღვევს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს”,-წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

ამის საფუძველზე სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის მინისტრის ქმედება უნდა შეისწავლოს და შეაფასოს ვიდეოჩანაწერების მოპოვების/გავრცელების კანონიერების საკითხი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული სანქცირების მექანიზმი.

პარლამენტში, ადამინის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ომბუდსმენის კრიტიკულ ანგარიშს განიხილავენ ციხეებთან დაკავშირებით, წულუკიანმა მიიტანა ვიდეო, სადაც მისი თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლის პატიმართან შეხვედრაა ასახული. წულუკიანმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გააკრიტიკა ჩაცმულობისა და ქმედებების გამო. მოგვიანებით აღნიშნული ვიდეო პენიტენციურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი