ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის დიალოგის მაგიდაზე ზის ერთი ადამიანი, რომელიც “სხვა აზრზეა”.
ეს განცხადება ვაშაძემ “მთავარის” ეთერში, ეკა კვესიტაძესთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ეს ადამიანი თუ პოლიტიკური ძალა “ტივტივებს, დინებას მიჰყვება და ცდილობს ნაპირი ამოირჩიოს”. ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, ვის შესახებ საუბრობს და განმარტა, რომ ამას უკრძალავს ოპოზიციის დიალოგის ფორმატის წესები.
“მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დიალოგის წესებით აკრძალული გვაქვს ადამიანის სახელის და გვარის ხსენება მაშინ, როცა მის პოზიციას ვახსენებთ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ერთი გამონაკლისის გარდა, ყველა, ვინც იმ მაგიდასთან ზის, იმყოფება ერთ აზრზე”, – თქვა ვაშაძემ.
ის დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილთან არცერთი ის ოპოზიციონერი არ ითანამშრომლებს, ვინც ოპოზიციის დიალოგის ფორმატში მონაწილეობს. მისი თქმით, ეს უდიდესი რეპუტაციული ზიანი იქნება, რომელსაც ვერავითარი მატერიალური სარგებელი ვერ გადაწონის.
“არ მჯერა, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა ისე გასულელდება და თითქმის ჩაძირულ ნავზე ახტება”, – აცხადებს ვაშაძე.
ოპოზიციის წარმომადგენლები პროპორციული არჩევნების ირგვლივ არიან გაერთიანებული და ლეიბორისტული პარტიის ოფისში მართავენ ხოლმე შეხვედრებს. ამ შეხვედრებში აღარ მონაწილეობს პატრიოტთა ალიანსი.