ახალი ამბები

წერილებით ურთიერთობაზე მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები – ზალკალიანი კონგრესმენების კრიტიკაზე

22 იანვარი, 2020 • 817
წერილებით ურთიერთობაზე მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები – ზალკალიანი კონგრესმენების კრიტიკაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის მიწერილი წერილის შინაარს არ იცნობს.

ზალკალიანის თქმით, ამერიკელ კონგრესმენებს “ძალიან მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ინფორმაციები აქვთ სხვადასხვა წყაროდან,  მაგრამ აუცილებელია პირადი კომუნიკაცია”.

“მე არ მაქვს წერილი ნანახი. მხოლოდ ვიცი, რომ სოციალურ ქსელში არის კონგრესმენის ტვიტი გაკეთებული. აქედან გამომდინარე, სპეკულაცია იმაზე, თუ რაზე არის აქ საუბარი… თუკი ეკონომიკურ ვარდნაზეა საუბარი, ალბათ, ეს ზუსტი ინფორმაცია არ არის, რადგან კარგად ვიცით, რომ თუნდაც ბოლო თვეების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საქართველოში 6%-მდე იყო, წინა წლების 4,5-4,8%-ია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ  ზუსტი ინფორმაცია იყოს. მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ამჯერად წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა – ჯერი კონოლიმ, ადამ კინზინგერმა, მაიკლ მაკკაულმა და ელიოტ ენჯელმა – მისწერა. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკელ ადამ კინზინგერის ტვიტერზე გამოქვეყნდა. კინზინგერის ცნობით, წერილში გამოთქმულია შეშფოთება, რომელიც გამოწვეულია მიზანმიმართული პოლიტიკური დევნითა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლეთთან ინტეგრაციას.

4 კონგრესმენის კრიტიკული წერილი გახარიას

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა და დემოკრატმა ჯერი კონოლომ საქართველოს პრემიერ მინისტრს გასული წლის დეკემბერშიც მისწერეს და “ქართული ოცნება” პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩაგდების გამო გააკრიტიკეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი