იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველს აკრიტიკებს იმ კრიტიკული ანგარიშის გამო, რომელიც ნინო ლომჯარიამ ციხეებში შექმნილ პრობლემებზე დღეს, 21 იანვარს, პარლამენტს წარუდგინა.
გარდა ამისა, წულუკიანი ირწმუნება, რომ ომბუდსმენი ციხეებში პატიმრებთან შესახვედრად არ დადის.
“თქვენ წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც მესამე წელია ასრულებს თავის ფუნქციას. ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის. 2018 წელს ქალბატონი ნინო სულ ოთხჯერ ბრძანდებოდა საპატიმროში. მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა ერთი პატიმარი, რომლის გვარი და სახელი ფართო საზოგადოებისთვის არაფერს ამბობს; შემდეგ მოინახულა #7 დაწესებულება გახსნამდე; 2018 წლის აგვისტოში ეწვია გიორგი მამალაძეს. ოქტომბერში გლდანის დაწესებულებაში ეწვია მირზა სუბელიანს. 2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანების და პატიმრებისთვის ხელის ჩამორთმევის რიცხვი არის ნული.
2020 წელს, გამომდინარე პოლიტიკური აჟიოტაჟიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო, ქალბატონმა ნინომ შობის მეორე დღეს მოინახულა ბატონი მამალაძე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ნინო ლომჯარიამ წარმოადგინა მოხსენება N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე.
წულუკიანის თქმით, სახალხო დამცველისგან განსხვავებით, “სუპერაქტიურია” მისი მოადგილე, რომელიც კარგად იცნობს თითოეულ პენიტენციურ დაწესებულებას და მისგან იუსტიციის სამინისტრო ბევრ რჩევას იღებს.
“მე ვფიქრობ, რომ როდესაც პატიმარი ითხოვს დაჟინებით პირადად ომბუდსმენთან შეხვედრას, ომბუდსმენი ციხეში პირადად უნდა დადიოდეს ან რომც არ ითხოვდეს, მას უნდა ჰქონდეს ამის პროფესიული მოთხოვნილება. დასანანია, რომ ეს ასე არ ხდება. შესაბამისად, საქმე გვაქვს იმასთან, თუ რას დაწერს ომბუდსმენი თავის ანგარიშში იმის შესაბამისად, თუ რა ამბებს მოუტანენ მას ციხეებიდან თანამშრომლები. თანამშრომლები არიან პროფესიონალებიც და ისეთებიც, უმცირესობა, რომლებმაც შეიძლება მიიტანონ ნახევარი სიმართლე, ან რაც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს”, – აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნინო ლომჯარიას, რომ არ გააფორმა ისე, თითქოს კრიმინალური სუბკულტურა მაშინ შემოესია ციხეებს, როცა იუსტიციის მინისტრმა შეიერთა პენიტენციური სისტემა. თუმცა დაინტერესდა, რატომ არ მოითხოვა სახალხო დამცველმა პარლამენტის კომიტეტში სუბკულტურის შესახებ საკითხების განხილვა მანამდე. წულუკიანი ეჭვობს, რომ დღევანდელი განხილვა ომბუდსმენმა მოითხოვა იმიტომ, რომ პირადად წულუკიანისთვის დაესვა კითხვები და საზოგადოებას შეექმნას აზრი, რომ რაღაც შესაბამისად არ კეთდება.
“ხომ მაქვს უფლება მეგონოს, რომ თქვენ მე პიროვნულად მერჩით? თუმცა ვიცი, რომ ეს ასე არ არის”, – მიმართა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას.
მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშს პატიმრებში გაკვირვება მოჰყვა და რამდენიმე პატიმარმა 11 დეკემბერს წერილიც მისწერა ომბუდსმენს. წულუკიანის თქმით, როცა სახალხო დამცველი საუბრობს ე.წ. მაყურებლებთან ციხის ადმინისტრაციის შესაძლო კავშირებზე, მან გამოძიება უნდა მოითხოვოს და ეს ბრალდებები პროკურატურაში გადააგზავნოს. თეა წულუკიანის თქმით, ნინო ლომჯარიას ნაცვლად ეს თვითონ გააკეთა და ომბუდსმენის ანგარიში პროკურატურას გაუგზავნა.
პატიმართა საეჭვო დაზიანებები საყოფაცხოვრებო ტრავმებად აღირიცხება – ომბუდსმენი