“სუპერ პუმას ვერტმფრენების გადმოცემის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია. ჯერ გადმოცემული არ არის, მაგრამ სამუშაოები მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროსთან. მიმართულება რაც არის, ჩვენი მთავარი დატვირთვა არის სამაშველო სამსახური და სასაზღვრო მონიტორინგი როდესაც ხდება და ვერტმფრენებს მაშინ გამოვიყენებთ”- განუცხადა ვახტანგ გომელაურმა დღეს ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა ამ ვერტმფრენების გამოყენება 13-14 ივნისს სტიქიის დროს სამაშველო სამუშაოებში? შს მინისტრი ასე პასუხობს:
“ეს ვერტმფრენები გამოყენებული ვერ იქნებოდა, რადგან წელიწადზე მეტია გაჩერებულია ეკონომიკის სამინისტროში და მას სჭირდება შემოწმება. ეს ვერ იფრენს, თუ არ გაკეთდა ტექნიკური შემოწმება. თუმცა ვერტმფრენები გვყავს შინაგან საქმეთა სამინიტროს, მაშინ იყო ღამე, წვიმდა, ნისლი იყო და ქალაქის პირობებში ვერ იფრენდა. საფრთხე იყო, რომ ჩამოვარდნილიყო ის ვერტმფრენი. ვერ გამოვიყენებდით და ვერ გავრისკავდით ბიჭების სიცოცხლეს”.
13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.