ახალი ამბები

ირანი აღიარებს, რომ თვითმფრინავი ორი რუსული Tor-M1 რაკეტით ჩამოაგდო

21 იანვარი, 2020 •
ირანი აღიარებს, რომ თვითმფრინავი ორი რუსული Tor-M1 რაკეტით ჩამოაგდო

უკრაინული სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელმაც კატასტროფა 8 იანვარს, თეირანის აეროპორტიდან აფრენისას განიცადა, ჩამოაგდეს ორი რუსული Tor-M1 მოდელის რაკეტით. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ რაკეტის მოხვედრის შემდეგ თვითმფრინავი „ნაწილებად“ დაიშალა. ორგანიზაციაში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ირანელ სპეციალისტებს შავი ყუთების გაშიფვრისთვის შესაბამისი აპარატურა არ აქვთ, ხოლო საფრანგეთმა და აშშ-მა უარი განაცხადეს, საჭირო აღჭურვილობა გადასცენ.

Tor-M1 რუსული საზენიტო- სარაკეტო კომპლექსია. გამოიყენება მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვისთვის საჰაერო საფრთხეებისგან – ვერტმფრენებისგან და თვითმფრინავებისგან. კომპლექსი შეიძლა მუშაობდეს მექანიკურად, ოპერატორის დახმარებით, ან ავტომატურად. ის თავად იღებს მიზანში ყველა საჰაერო ობიექტს.

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების”  ბოინგ 737-800 8 იანვარს, გამთენიისას ჩამოვარდა ირანის დედაქალაქ თეირანთან ახლოს. დაიღუპა ბორტზე მყოფი 176 ადამიანი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულებს შორის არის ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11 (მათგან ეკიპაჟის 9 წევრი), შვედეთის 10, ავღანეთის 4, ბრიტანეთის 3 და გერმანიის 3 მოქალაქე.

ირანული მხარე თავდაპირველად უარყოფდა, რომ თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს, თუმცა მოგვიანებით ეს ფაქტი აღიარა და მიზეზად „ადამიანური შეცდომა“ დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი