ახალი ამბები

ავიაკატასტროფა ნეპალში: დაღუპულია, სულ მცირე, 14 ადამიანი

30 მაისი, 2022 • 766
ავიაკატასტროფა ნეპალში: დაღუპულია, სულ მცირე, 14 ადამიანი

ნეპალის ჩრდილოეთში, ჰიმალაის მთებში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ მაშველებმა 14 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მცირე ზომის თვითმფრინავის ბორტზე სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა. ოფიციალურ პირთა თქმით, მცირეა შანსი, ვინმე გადარჩენილიყო.

Reuters-ის თანახმად, კერძო ავიაკომპანია Tara Air-ის თვითმფრინავი კვირას, ღრუბლიან ამინდში ჩამოვარდა. ის 20-წუთიან რეისს ასრულებდა და დაშვებამდე 5 წუთით ადრე დაკარგა კავშირი ავიადისპეჩერებთან.

მედიის ცნობით, ბორტზე 16 ნეპალელი, 4 ინდოელი და 2 გერმანელი მგზავრი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოები, რომლებსაც უამინდობა და შემთხვევის ადგილის მთიანი რელიეფი აფერხებდა, ორშაბათს დილით განახლდა.

“ამ დროისთვის 14 ცხედარია ამოსენებული, დარჩენილების ძებნა გრძელდება”, —  უთხრა AFP-ს ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის წარმომადგენელმა დეო ჩანდრა ლალ კარნმა ავიაკატასტროფიდან 1 დღის შემდეგ.

“ძალიან ცუდი ამინდია, მაგრამ ჩვენ შევძელით ჯგუფის ჩამოყვანა ავარიის ადგილზე”, — აღნიშნავს ის.

დეო ჩანდრა ლალ კარნი მედიასთან ასევე აცხადებს, რომ “ძალიან მცირეა გადარჩენილთა პოვნის შანსი”.

BBC-ის თანახმად, თვითმფრინავი კვირას დილით აფრინდა პოხარადან, რომელიც ტურისტული ქალაქია. ის მიემართებოდა ტურისტებსა და მომლოცველებს შორის პოპულარული ჯომსომისკენ .

ნეპალში ავიაკატასტროფები ხშირად ხდება, რისი მიზეზიც ამინდის უეცარი ცვლილება და რთულად მისადგომ კლდოვან რელიეფებში განლაგებული საჰაერო ზოლებია.

2018 წლის დასაწყისში, თვითმფრინავს, რომელიც ბანგლადეშის დედაქალაქ დაკადან ნეპალის დედაქალაქ კატმანდუსკენ მიფრინავდა, დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა. 71 მგზავრიდან 51 დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი