მსოფლიოში ყველაზე მდიდარი 2 153 ადამიანი — მილიარდერები, ძირითადად, კაცები — იმაზე მეტ დოვლათს ფლობს, ვიდრე ყველაზე ღარიბი 4.6 მილიარდი ადამიანი ერთად, – აცხადებს საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამი“ (Oxfam).
„ოქსფამის“ თანახმად, ეს 2019 წლის მონაცემებია. ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე მდიდარი 1% ფლობს ორჯერ უფრო მეტ სიმდიდრეს, ვიდრე 6.9 მილიარდი ადამიანი (2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 7.8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს).
„ოქსფამმა“ ანგარიში, სახელად „დროა, ვიზრუნოთ“, წლევანდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყების წინ გამოაქვეყნა. ფორუმის ფარგლებში შვეიცარიაში, დავოსში, იკრიბებიან მსოფლიოს ქვეყნების პოლიტიკური და ბიზნესლიდერები.
ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ ეს ეკონომიკური უთანასწორობა დაფუძნებულია „ძირგამომპალ და სექსისტურ ეკონომიკურ სისტემაზე, რომელიც პრივილეგირებული ადამიანების – ძირითადად, კაცების- მცირე ჯგუფს უფრო აფასებს, ვიდრე გოგოების და ქალების მიერ გაწეულ აუცილებელ და აუნაზღაურებელ შრომას და ამ შრომაში გალეულ მილიარდობით საათს“.
ანგარიშის თანახმად, ქალები მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად მუშაობენ, ჯამში, 12.5 მილიარდი საათი, ანაზღაურებისა და აღიარების გარეშე; ამასთან, ქალების აუნაზღურებელ და არასაკმარისად ანაზღაურებელი შრომას სამჯერ მეტი დოვლათი მოაქვს გლობალური ეკონომიკისთვის ყოველწლიურად, ვიდრე ტექნოლოგიის ინდუსტრიას.
მათი გამოთვლებით, 15 წლის ასაკიდან გოგოების და ქალების აუნაზღაურებელი შრომის ღირებულება წელიწადში 10.8 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
„ოქსფამი“ 1942 წელს ოქსფორდში, ბრიტანეთში დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის სათავო ოფისი ნაირობიში, კენიაში მდებარეობს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ:
- მსოფლიოში 22 ყველაზე მდიდარი კაცი იმაზე მეტ სიმდიდრეს ფლობს, ვიდრე აფრიკაში მცხოვრები 326 მილიონი ქალი ჯამურად;
- მილიარდერების რიცხვი ბოლო ოც წელიწადში გაორმაგდა;
63-გვერდიანი ანგარიში მიუთითებს, რომ მსოფლიო ლიდერები საკმარისს არ აკეთებენ, რათა დაუპირისპირდნენ მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდ ეკონომიკურ უფსკრულს.
წელს „ოქსფამის“ ანგარიში ფოკუსირდება ისეთ სტრატეგიებსა და პოლიტიკაზე, რომლებიც კაცებს საშუალებას აძლევს, დომინირებდნენ ბიზნესისა თუ სახელმწიფოების წამყვან პოზიციებზე; ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ ეკონომიკური უთანასწორობა გენდერულ უთანასწორობაზეა დაფუძნებული.
„ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. მთავრობებმა მსოფლიოს მასშტაბით უნდა იმოქმედონ და დაიწყონ ახალი, ადამიანზე მორგებული ეკონომიკის მშენებლობა, რომელიც ფემინისტური იქნება და დაეფუძნება იმ ღირებულებებს, რაც მართლაც ადარდებს საზოგადოებას, ნაცვლად მოგებასა და სიმდიდრის გაუთავებლად გაზრდაზე ორიენტირებისა“, – წერს ორგანიზაცია.
ავტორები საუბრობენ მსოფლიოს ქვეყნებში საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შესახებაც: „პირველი ნაბიჯები უნდა იყოს ეროვნული მზრუნველობის პროგრამებში ინვესტიციის ჩადება … და პროგრესული გადასახადების შემოღება, რაც გულისხმობს მდიდარი ადამიანებისთვის მეტი გადასახადის დაკისრებას“.
ნახეთ ასევე:
IMF-ის დირექტორი „დიდი დეპრესიის“ დაბრუნების რისკზე საუბრობს