ვახტანგ რობაქიძე, რომელიც რამდენმე დღის წინ ბაკურიანში დეპუტატ ანრი ოხანაშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდა, პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ რობაქიძემ “მთავარ არხს” განუცხადა.
როგორც ის ამბობს, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ პირმა, რომლის სახელი და გვარიც არ იცის, თუმცა მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი იყო, მუცლის არეში ხელი დაარტყა:
“პოლიციელებმა დაიწყეს ჩემ მიმართ ძალადობა. დამადეს ხელბორკილები, გადამიყვანეს განყოფილებაში, დატოვეს ქუჩაში ატირებული ბავშვები. მიმიყვანეს პოლიციაში. მიყვანის დროს შემიყვანეს ოთახში, სადაც შემოდიოდა უამრავი ადამიანი. ალკოტესტის აპრატში ჩაბერვის დროს მუცლის არეში ხელი დამარტყეს”, – ამბობს “მთავარ არხთან” ვახტანგ რობაქიძე.
დამაზუსტებელ კითხვაზე, პირი, რომელმაც ხელი დაარტყა, იყო თუ არა პოლიციის თანამშრომელი, რობაქიძე ამბობს, რომ იქ სამოქალაქო პირი ვერ შევიდოდა და ვარაუდობს, რომ ეს სამართალდამცავმა გააკეთა, თუმცა მისი სახელი და გვარი არ იცის.
აღნიშნულ საკითხზე რობაქიძის ადვოკატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე მიმართა. როგორც ინსპექტორის სამსახურში ამბობენ, გამოძიება სსსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ვახტანგ რობაქიძის მონათხრობს “ზღაპარს” უწოდებს ანრი ოხანაშვილი და ამბობს, რომ არ გამორიცხავს, რობაქიძემ “თვითდაზიანებები მიიყენოს და ხელი მისკენ გაიშვიროს”.
ვახტანგ რობაქიძესა და ანრი ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 14 იანვარს მოხდა, რის შემდეგაც რობაქიძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით გუშინვე დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
პირს, რომელსაც ოხანაშვილის მიმართ მუქარა ედება ბრალად, 7000-ლარიანი გირაო შეუფარდეს