2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ნათქვამია საქსტატის წინასწარ მონაცემებში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
სტატისტიკის მიხედვით, აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი- 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წელს 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2 352.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ამავე სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 825.7 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 13.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 2 321.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (7.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.6 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 147.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წელს მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 28.3 პროცენტით განისაზღვრა.
2019 წელს საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 2 003.1 მლნ აშშ დოლარის საქონელი, რაც 20.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 2 438.6 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (9.5 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.9 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 4 441.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წელს მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 8.2 პროცენტი იყო.
2019 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (498.7 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (497.1 მლნ აშშ დოლარი) და სომხეთი (412.2 მლნ აშშ დოლარი).
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2019 წლის ექსპორტის მიხედვით
2019 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 613.7 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (975.9 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (858.7 მლნ აშშ დოლარი).
ამავე თემაზე