2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 686.7 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.2 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ წინასწარ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 651.6 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 17.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 303.0 მლნ აშშ დოლარით (8.0 პროცენტი).
ავტომობილების რეექსპორტი 2018 წელთან შედარებით 2019-ში 68.2 პროცენტით გაიზარდა და ექსპორტის მთლიან წილში 18.2 პროცენტს შეადგენს.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წელს წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 757.0 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 653.7 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 603.7 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი).
სტატისტიკის თანახმად (წინასწარი მონაცემები), 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წელს 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2 352.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.