საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) სიტყვით გამოვა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27-31 იანვარს სტრასბურგში გაიმართება. PACE-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ასამბლეას სიტყვით მიმართავენ და კითხვებს უპასუხებენ საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტები, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ზალკალიანი. ზამთრის სესიაზე ევროპის საპარლამენტო ასამბლეა ახალ პრეზიდენტს აირჩევს.
სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში გაემგზავრება ისრაელში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, სადაც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.
ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტთან, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან და ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან.