ახალი ამბები

სულ მცირე 1723 ადამიანი ჩინეთში აქამდე უცნობი ვირუსითაა ინფიცირებული – კვლევა

19 იანვარი, 2020 •
სულ მცირე 1723 ადამიანი ჩინეთში აქამდე უცნობი ვირუსითაა ინფიცირებული – კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, იანვრის თვის მონაცემებით, ჩინეთში, სულ მცირე 1 723 ადამიანი აქამდე უცნობი კორონავირუსითაა ინფიცირებული. როგორც წესი, ამ ტიპის ვირუსები რესპირატორული და ნაწლავურ დაავადებებს იწვევენ.

The Guardian-ის თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსის არსებობას ჩინეთში ქვეყნის ოფიციალური უწყებებიც ადასტურებენ, მათ თქმით, ქალაქ ვუანში 2019 წელს ამ ტიპის ვირუსით დაავადების 62 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადებულებს შორის 19-ს ადგილობრივ საავადმყოფოში უმკურნალეს, ორი კი გარდაიცვალა.

ვირსუსის გავრცელებას ჩინეთში სურსათს, მათ შორის თევზეულს უკავშირებენ. დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებამ ერთი ბაზარი უკვე დაკეტა.

თუმცა, სხვა მონაცემებზე საუბრობენ ლონდონის იმპერიულ კოლეჯში, რომლის კვლევის თანახმადაც, 12 იანვრამდე ამ ვირუსით სულ მცირე 1723 ადამიანია ინფიცირებული. CNN-ის თქმით, ამავე კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ვირუსი არამხოლოდ საჭმლის, არამედ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემდეგაც შეიძლება ვრცელდებოდეს.

კორონავირუსები მწვავე რესპირატორული და ნაწლავური დაავადებების გამომწვევი რნმ-ს შემცველი ვირუსები არიან, რომლებსაც ელექტრონულ მიკროსკოპში აქვთ გრძელწამწამებიანი გვირგვინით გარშემორტყმული ბურთის ან სფეროს სახე.

სამედიცინო ტერმინოლოგიის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ადამიანიდან ადამიანზე ვირუსი გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით.

გარეკანი ფოტო: CNN

მასალების გადაბეჭდვის წესი