18 იანვარს სურამში, სოფელ ბუღაურაში ახალგაზრდა ქალის ცულით მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი ქმარი დააკავეს.
ის დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ყოფილ ცოლს ცულით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი მიიმალა. ყოფილი ცოლი, ინიციალებით ბ.ნ., ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული, ლ.ლ. 1984 წელს არის დაბადებული. მოკლული ქალი 29 წლის იყო.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს აცხადებს, რომ „მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება და შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა“.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.