ახალი ამბები

ზურაბიშვილმა ჩიჩილაკის საკითხი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორთან განიხილა

17 იანვარი, 2020 •
ზურაბიშვილმა ჩიჩილაკის საკითხი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორთან განიხილა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ჩიჩილაკისა და კალანდას შესახებ საკუთარი ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან განიხილა.

ნიკოლოზ ანთიძემ დადებითად შეაფასა პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც ჩიჩილაკისა და კალანდობის დღესასწაულისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას გულიხსმობს.

“პრეზიდენტს შევხვდით მისი ინიციატივის შემდგომში განვითარების მიზნით. ეს ეხება გურიაში კალანდობასა და ჩიჩილაკის მომზადების წესის როგორც არამატერიალური კულტურულ მემკვირეობაში წარდგენას. დეტალურად გავიარეთ, თუ როგორ უნდა მომზადდეს ეს საკითხი. ჩვენი იდენტობის კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად ძალიან კარგი ინიციატივაა”,-ამბობს ანთიძე.

14 იანვარს გურიაში მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას კალანდობა მიულოცა და ჩიჩილაკისა და კალანდობის დღესასწაულის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოვიდა.

პრეზიდენტის განცხადებით, უნდა ვიფიქროთ მომავალში იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ჩიჩილაკისა და კალანდობის წარდგენაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი