მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე მორიგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 იანვარს გაიმართა. საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.
დღევანდელ სასამართლოზე ბრალდების ექვსი მოწმე იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის იყვნენ “თიბისი ბანკის” ის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს 2007 წელს სადავო სესხის გაცემის პროცესში. “თიბისის” თანამშრომლებთან ერთად, დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა “სამგორი თრეიდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყოფილი დირექტორი და მეწილე დავით ჭუბაბრიაც.
ჭუბაბრიას მიმართ პროკურატურის წარმომადგენლების ძირითადი კითხვები მიმართული იყო კომპანიის წილებსა და კომპანიის მიერ სადავო სესხის გამოყენების დეტალებზე, რასაც პროკურატურამ 4-ჯერ, სხვადასხვა დროს დაუბრუნდა შეკითხვით, თუ ზუსტად რაში გამოიყენეს აღნიშნული თანხა. ოთხივე შემთხვევაში ჭუბაბრიას პასუხი იყო, რომ კომპანიამ შეავსო საბრუნავი კაპიტალი, თუმცა პროკურატურის წარმომადგენლებისთვის ეს პასუხი დამაკმაყოფილებელი მაინც არ აღმოჩნდა. ამის შემდეგაც აღნიშნული შეკითხვა გააპროტესტა ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, მოსამართლე გიორგი არევაძემ კი მისი პროტესტი დააკმაყოფილა და პროკურატურის წარმომადგენლებს აღნიშნული კითხვის გამეორების საშუალება აღარ მისცა.
“საბრუნავი კაპიტალი კომპანიას გააჩნია მხოლოდ ერთი, რასაც შემდეგ ვანაწილებთ სხვადასხვა მიმართულებით” ,- განმარტა ჭუბაბრიამ რამდენჯერმე.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საქმე 12 წელს ითვლის, ჭუბაბრიასა და სხვა მოწმეებისთვის ბევრი დეტალი რთულად გასახსენებელი აღმოჩნდა. კერძოდ, პროკურორის კითხვაზე, მოსთხოვეს თუ არა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს “სამგორი თრეიდის” კუთვნილი ვალის დაბრუნება, რომელიც კომპანიას, თავის მხრივ, “თიბისი ბანკისგან” ჰქონდა სესხად აღებული, ჭუბაბრიამ უპასუხა, რომ, სავარაუდოდ, მოსთხოვდა, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგომი მდგომარეობიდან გამომდინარე მსესხებლებსაც გაუჭირდებოდათ გადახდა.
პროკურორმა შეახსენა ჭუბაბრიას, რომ ნასესხები თანხის დაბრუნება 6 თვეში უნდა მომხდარიყო ბანკში, თუმცა თანხის ვერდაბრუნება მან კვლავ ომსა და ეკონომიკურ კრიზის დაუკავშირა:
“ეს ვადები რომ დადგა, უკვე იყო ომი, იყო ეკონომიკური კრიზისი, ჩვენც გაგვიჭირდა სესხების გადახდა “თიბისისთვის”… სავარუადოდ, მსესხებლებსაც გაუჭირდებოდათ გადახდა… 12 წელია გასული და დეტალები აღარ მახსოვს… სავარუადოდ, მოვთხოვდით, მაგრამ იმის გამო, რომ იყო ომი და კრიზისი მაგ პერიოდში, ძალიან მკაცრად არ მოვითხოვდით”, – განმარტა ჭუბაბრიამ.
ჭუბაბრიას თქმით, მისი დირექტორობის პერიოდში, ანუ 2012 წლამდე, ხაზარაძე-ჯაფარიძეს აღნიშნული სესხი არ დაუბრუნებიათ, შესაბამისად, ვერც “სამგორი თრეიდმა” მოახერხა “თიბისი ბანკის” ვალის გასტუმრება.
“გარკვეული დროის შემდეგ დავტოვე მე ეს თანამდებობა, ისევე, როგორც მეწილეობა. ჩემი დირექტორობის პერიოდში ეს თანხა არ დაბრუნებულა, მე რამდენადაც მახსოვს, [სესხის] პროცენტის შესაბამის გადასახადებს ვიხდიდით ბანკში”, – აღნიშნა ჭუბაბრიამ.
რაც შეეხება “თიბისი ბანკის” თანამშრომლებს, პროკურატურის მიერ მათ მიმართ დასმული კითხვები ძირითადად შეეხებოდა სესხის გაცემის პროცედურას. პროკურორებმა ხუთივე მოწმეს ჰკითხეს, იცოდნენ თუ არა, რომ ბანკიდან სესხად გამოტანილი თანხის გასესხება იგეგმებიდა, რაზეც ყველა მოწმეს პასუხი იყო, რომ არა, თუმცა ასევე ხუთივე მათგანმა უპასუხა, რომ “სამგორი თრეიდს” უფლება ჰქონდა, ნასესხები თანხა ისე გამოყენებინა, როგორც სურდა, მათ შორის, სურვილის შემთხვევაში გაესესხებინა კიდეც.
“საკრედიტო ოპერაცია, რომლის მიხედვითაც “სამგორი თრეიდის” მეწილეებმა სესხი აიღეს, არ ითვალისწინებდა რაიმე ქონების ჩადებას, აღნიშნული სესხის გაცემა დაფუძნებული იყო ნდობაზე იმ კომპანიის მიმართ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში წესების დაცვით იხდიდა ყველა გატანილი სესხის თანხას”, – განმარტა მოწმემ, “თიბისი ბანკის” იმდროინდელმა საკრედიტო მენეჯრემა გიორგი შუქაშვილმა.
ასევე, პროკურატურის კითხვები შეეხებოდა გასესხებული თანხის ამოღების პროცედურებს, კერძოდ, მიენიჭა თუ არა რაიმე უპირატესობა კონკრეტულ კომპანიას სესხის ამოღების პროცესში. ერთ-ერთმა მოწმემ, მაშინდელმა რისკების განყოფილების დირექტორის მოადგილემ, თეა ლორთქიფანიძემ, აღნიშნულ კითხვაზე უპასუხა, რომ “სამგორი თრეიდს” არავითარი უპირატესობა არ გააჩნდა არც სესხის გაცემის და არც ამოღების პროცესში:
“გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პერიოდი, ანუ სესხის ამოღების დრო დაემთხვა ომს, ბანკი იძულებული გახდა, შეერბილებინა სესხის ამოღების პროცედურები, რადგან ამ პერიოდში ასობით მილიონის ოდენობის სესხები გაპრობლემდა, რამაც გადავადების პროცესებზე იმოქმედა”, – განმარტა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, ამ პერიოდში სანდო კომპანიებზე გაიცა დამატებითი სესხებიც. ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის კითხვაზე, თვლის თუ არა ლორთქიფანიძე, რომ ბანკიდან აღებული სესხის გასესხება, იმ პერიოდში ვადის გადაწევა და სანდო კომაპნიებზე დამატებითი სესხის გაცემა “ჩვეულებრივი ამბავია”, ლორთქიფანიძემ უპასუხა, რომ ეს “ჩეულებრივი ამბავია”.
პროცესის შემდეგ ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღევანდელი მოწმეების ჩვენებების მიხედვით, არავითარი თაღლითობა და ფულის გათეთრება არ მომხდარა:
“დღეს დადასტურდა ძალიან მარტივი რამ, რომ არავის არავინ არ მოუტყუებია, კოლეგიურად შეისწავლეს აღნიშნული საკითხები, მიიღეს გადაწყვეტილებები და არავითარ თაღლითობას და შემდეგ ფულის გათეთრება არ მომხდარა. რაც დრო გადის, მართლდება ის, რასაც ვიძახით, რომ არ არსებობს ამ საქმეში მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ფულის გათეთრებას.
დღეს დადასტურდა, რომ არათუ არ არსებობს ფულის გათეთრების მტკიცებულება, არამედ თაღლითობის და მოტყუების ფაქტიც არ მომხდარა და, ამავდროულად, დადასტურდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ყველამ თქვა: ეს იყო 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რომელიც შეეხო არამარტო “თიბისი” ბანკს. მოწმეებმა ძალიან დეტალურად ილაპრაკეს, რომ “სამგორის” შემთხვევა არ იყო გამონაკლისი ამ სიტუაციიდან და ეს იყო ზოგადი პრობლემა”, – განმარტა კორძაძემ.
პროკურორმა გიორგი მიქავამ პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არასწორია დაცვის მხარის განცხადება ამ მოწმეებთან დაკავშირებით”
“დღეს მოწმეებმა მნიშვნელოვანი ჩვენებები მისცეს სასამართლოს, ბრალდებისთვის სასარგებლო, ვინაიდან მათ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ 2008 წელს, როდესაც გასცეს სესხი “სამგორი ემ-სა” და “სამგორი თრეიდზე”, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აღნიშნული სესხი განკუთვნილი იყო ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის, რაც საქმეში არსებული მასალებით უდავოდ დასტურდება. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში რომ ჰქონოდათ ეს ინფორმაცია, იმოქმედებდნენ განსხვავებული რეჟიმით და გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირები იყვნენ ინსაიდერები, მათთის სესხის გაცემის პროცედურა უნდა ყოფილიყო განსხვავებული”, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მიქავამ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
აღნიშნული საქმე ეხება 2007 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.