ახალი ამბები

სოცმუშაკებს ხელფასები 1200 ლარამდე გაეზრდებათ – კილაძე

17 იანვარი, 2020 •
სოცმუშაკებს ხელფასები 1200 ლარამდე გაეზრდებათ – კილაძე

საქართველოს პარლამენტის ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, სოცმუშაკებს წელს ანაზღაურება 1200 ლარამდე გაეზრდებათ. აღნიშნული მან პარლამენტში სოცმუშაკებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

კილაძემ თქვა, რომ რეფორმის ფარგლებში სოცმუშაკებს ხელფასი თავდაპირველად 1200 ლარამდე გაეზრდებათ და ანაზღაურება ამა წლის 20 იანვრამდე ჩაერიცხებათ, “მაგრამ ჩვენ არ ვაპირეთბ ამაზე გაჩერებას“, – დაამატა კილაძემ.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად სოციალურ მუშაკს ხელფასი 800 ლარი აქვს, ხოლო  უფროს სოცმუშაკს – 1000. რეფორმის შემდეგ, მათი ხელფასები შესაბამისად 1200 და 1400 ლარამდე გაიზრდება.

მან განაცხადა, რომ ხელფასები სოცმუშაკებს 2025 წლის დადგომამდე გაუორმაგდებათ.

„ვამატებთ სოციალურ მუშაკებს, ყველა სამინისტროს ფარლგებში და ყველაზე მეტად ხაზგასასმელია, წელს პირველად გვეყოლება ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებში სოცმუშაკები“, – თქვა კილაძემ.

ამავე შეხვედრაზე გადამზადებულ სოცმუშაკებს სერტიფიკატები გადასცეს.


რეფორმას წინ უძღოდა სოცმუშაკების შარშანდელი გაფიცვა. სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. ისინი წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესის დაიწყო. თუმცა, სოცმუშაკების შეფასებით, უშედეგოდ დასრულდა.

სოციალური მუშაკები გაფიცვის მიზეზად ასახელებდნენ ტრანსპორტის პრობლემას, ბენეფიციართა დასახმარებლად საჭირო რესურსების ნაკლებობას, არასათანადო სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას. ისინი ამბობდნენ, რომ შეზღუდული რესურსების გამო ვერ ახერხებენ ადამიანებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევას და ხშირად უწევდათ თავიანთი პირადი ფინანსების დახარჯვა ბენეფიციართა პრობლემების მოსაგვარებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი