ახალი ამბები

EMC მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს, მხარი არ დაუჭირონ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას

16 იანვარი, 2020 • 1229
EMC მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს, მხარი არ დაუჭირონ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძეს, რომელიც ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდა პროკურატურას და თანამდებობა დატოვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების გამო.

EMC-ის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურო იმნაძე ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურატორობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ ეტაპზე რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად დამოუკიდებლად მიიღო შოთაძემ მისი კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნავს, რომ აქ მთავარი არის ყოფილი გენპროკურორის ბიოგრაფია.

იმნაძე “ნეტგაზეთთან” იხსენებს იმ პრობლემურ საქმეებს, რომელთა გამოძიებაც შოთაძის ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიმდინარეობდა და არაერთი სისტემური ხარვეზი გამოიკვეთა:

“აქ მთავარია ირაკლი შოთაძის ბექგრაუნდი და ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა ამ ადამიანის მთავარი პროკურორობის დროს. აქ ორი ფაქტორია, ერთი – მისი წასვლა რა მოვლენებს უკავშირდებოდა. ეს იყო ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სისხლის სამართლის საქმე, რომელმაც გამოკვეთა არაერთი სისტემური პრობლემა და ამ პრობლემების საპასუხოდ დაგროვილი ძალიან დიდი საპროტესტო მუხტის შემდეგ მოუწია ირაკლი შოთაძეს თანამდებობის დატოვება.

ამავდროულად, ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ირაკლი შოთაძის თანამდებობაზე ყოფნას უკავშირდება არაერთი სისხლის სამართლის პრობლემური საქმე, სადაც პროკურატურამ ვერ ან არ გამოიძია ამ საქმეში სამართალდამცავი უწყებების თუ სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლების შესაძლო პასუხსიმგებლობის საკითხი”, – ამბობს EMC-ის პროგრამის დირექტორი.

მისი თქმით, გენპროკურორის შერჩევის პროცესს მაღალი სანდოობა არ აქვს და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ მასში სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფები არ არიან ჩართულნი: “სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფები არ არიან ჩართული ამ პროცესში, რადგან არ ენდობიან ამ პროცესებს”.

“მათ ფორმალურად შეიძლება ჰქონოდათ შესაძლებლობა, რომ კანდიდატი წარედგინათ, მაგრამ წინასწარი მოლოდინები, რომ მათ მიერ დასახელებული კვალიფიციური, მაღალი რეპუტაციის მქონე კანდიდატის დასახელება სამართლიანი პორცედურებით წავიდოდა – ამის მოლოდინი არ იყო და ერთ-ერთი ახსნა ალბათ ესეც არის, რატომ არ არის დიდი არჩევანი კანდიდატებს შორის”, – ამბობს იმნაძე.

გურო იმნაძის თქმით, იმ ფონზე, როცა არც პოლიტიკური, არც ინსტიტუციური და არც საკანონმდებლო თვალსაზრისით არსებითი ცვლილება არ განხორციელებულა, არ არის მაღალი მოლოდინი, რომ პროცესი წინა ჯერზე გამჭვირვალედ და დემოკრატიულად წარიმართება.

“მოლოდინებს ისიც განსაზღვრავს ბოლო ორ დღეში, დღეს და ხვალ კიდევ ვინ წარედგინება საპროკურორო საბჭოს. კონკურსი 17 იანვარს სრულდება და ამ ორ დღეზეც არის დამოკიდებული, ვინ წარედგინება კიდევ საბჭოს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დიდი მოლოდინები არც ამ მიმართულებით გვაქვს”.

EMC მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს:

  • მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე;
  • საზოგადოებისთვის დროულად გახადოს ხელმისაწვდომი სრული ინფორმაცია გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა შესახებ;
  • დაასაბუთოს და გაასაჯაროოს თითოეული წარდგენილი კანდიდატის შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
  • წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს პოლიტიკურად ნეიტრალური, შესაბამისი კვალიფიკაციის და დამსახურების მქონე კანდიდატი.

ირაკლი შოთაძეს მხარს დავუჭერ – ვოლსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი