ახალი ამბები

კვლევა პოლიტიკური ცვლილების გარდაუვლობას აჩვენებს – სამადაშვილი NDI-ზე

16 იანვარი, 2020 •
კვლევა პოლიტიკური ცვლილების გარდაუვლობას აჩვენებს – სამადაშვილი NDI-ზე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ენმ-ის წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს გამოქვეყნებული NDI-ს კვლევა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილების გარდაუვლობას აჩვენებს.

საუბარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს, 16 იანვარს გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, „ოცნების“ რეიტინგი კვლავ დაეცა, ხოლო ივანიშვილს მხარს უჭერს მოსახლეობის მხოლოდ 16%.

„მე ვფიქრობ, რომ ეს კვლევა ასახავს იმ რეალურ სიტუაციას, რაც არის ქვეყანაში – იმ ფონზე, უპირველესად კი ეკონომიკის, როდესაც ძალიან გაზრდილია სიღარიბე და, ფაქტობივად, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა უარესად ცხოვრობს, ვიდრე ცხოვრობდა გუშინ, დაეცა და განადგურდა მმარველი პოლიტიკური პარტიის რეიტინგი“, – უთხრა სამადაშვილმა ნეტგაზეთს.

მისი თქმით, კვლევა, ფაქტობრივად, აჩვენებს, რომ საქართველოს 10 მოქალაქიდან 8-ს პოლიტიკური ცვლილება უნდა. მხოლოდ 20% უჭერს მხარს მმართველ პარტიას. სამადაშვილი განმარტავს, რომ ამ 20%-ის დიდი ნაწილი სწორედ ის მოქალაქეები არიან, რომლებიც „ოცნებამ“ ბიუჯეტის ხარჯზე დაასაქმა.

„ყველაზე დაბალი რეიტინგი ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ პროექტს სალომე ზურაბიშვილის სახით აქვს, რაც აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი მზად არის ცვლილებისთვის და მათ აღარ სურთ, რომ ივანიშვილმა ქვეყნის მართვა გააგრძელოს. ეს კვლევა რეალურად აჩვენებს პოლიტიკური ცვლილების გაურდავლობას შემდგომ არჩევნებზე“, – აცხადებს სამადაშვილი ნეტგაზეთთან.

წაიკითხეთ ასევე:

ოპოზიციის ჯამური რეიტინგი “ოცნების” რეიტინგს აღემატება – NDI

მასალების გადაბეჭდვის წესი