ახალი ამბები

ოპოზიციის ჯამური რეიტინგი “ოცნების” რეიტინგს აღემატება – NDI

16 იანვარი, 2020 • 2057
ოპოზიციის ჯამური რეიტინგი “ოცნების” რეიტინგს აღემატება – NDI

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმების 20 პროცენტს მიიღებდა, ოპოზიცია ჯამურად – 38-ს. ამის შესახებ საუბარია NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

NDI-ის განცხადებით, კვლევა ახალი მეთოდით არის ჩატარებული. რესპონდენტებს გადაეცათ პლანშეტი და მათ ინტერვიუერისაგან დამოუკიდებლად მონიშნეს პასუხი.

ამავე კვლევით, ენმ-ის რეიტინგი 13 პროცენტია, ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატების – 8%, ლეიბორისტების – 5%, პატრიოტთა ალიანსის – 4%, ახალი საქართველოს – 3%, დემოკრატიული მოძრაობის – 3%, გირჩის – 2%.

სექტემბერში გამოქვეყნებულ NDI-ის კვლევასთან შედარებით “ოცნების” რეიტინგი (20%) არ შეცვლილა, თუმცა გაიზარდა ენმ-ის და ევროპული საქართველოს მხარდაჭერა. სექტემბერში ენმ-ის რეიტინგი 9% იყო, ხოლო ევროპული საქართველოსი – 4%.

26% ამბობს, რომ არ იცის, ვის მისცემდა ხმას, 19% ხმას არცერთ პარტიას მისცემდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 9%, უარი პასუხზე – 9%, პატრიოტთა ალიანსი – 4%, ევროპული საქართველო – 4%.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში ვერ მოხვდა მოძრაობა “ლელო”. NDI-ის განმარტებით, პარტიების ჩამონათვალი, ვისი მონიშვნაც რესპონდენტებს შეეძლოთ, შედგებოდა იმ სუბიექტებისაგან, რომლებმაც წინა კვლევაში 1% მაინც მიიღეს.

კვლევაში ასევე მოცემულია შედარებითი ანალიზი ძველ და ახალ მეთოდებს შორის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი