რუსეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ მიშუსტინმა რუბლიოვო-უსპინსკის გზატკეცილზე მდებარე სახლი, რომლის საბაზრო შეფასება დაახლოებით 600 მილიონი რუბლი – ანუ, 9 მილიონ დოლარზე მეტია, დეკლარაციაში „დამალა“. ამის შესახებ „დოჟდი“ „პროექტზე“ დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის თანახმად, მიშუსტინს და მის მეუღლეს ეკუთვნით სახლი, თითქმის 900 კვადრატული მეტრის ფართობით და 5,5 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ქონება 2001 წელს შეიძინეს, როცა მიშუსტინი გადასახადებისა და დაგროვების მინისტრის მოადგილე იყო.
ამჟამად რუსეთის ქონების რეესტრში მითითებულია, რომ სახლი ეკუთვნის ორ ადამიანს, თუმცა მათი სახელების ნაცვლად იქ „რუსეთის ფედერაციაა“ მითითებული. გამოცემა ვარაუდობს, რომ მიშუსტინს ონფორმაციის დამალვა 2004-06 წლებში თავად შეეძლო, როცა უძრავი ქონების კადასტრის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელი იყო.
„პროექტის“ ვარაუდით, უძრავი ქონება დარეგისტრირებული უნდა იყოს მიშუსტინის შვილებზე – სანამ ისინი არასრულწლოვნები იყვნენ, დეკლარაციაში მითითებული იყო, რომ ბავშვები ამავე ფართობის სახლს და ნაკვეთს ფლობდნენ.
2018 წლისთვის მიშუსტინის შემოსავალი 18,7 მილიონი რუბლი იყო, მისი მეუღლის – 47,7 მილიონი. მათ აგრეთვე ეკუთვნით 141,6 კვადრატული მეტრის ბინა და ავტომობილი Ford Cougar.
15 იანვარს რუსეთის უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგებოდა. მედვედევის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ვლადიმერ პუტინი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების წინაშე გამოვიდა სიტყვით, სადაც ახალი, შიდაპოლიტიკური ინიციატივები წარმოადგინა. პუტინმა იმავე დღეს პრემიერობის კანდიდატად მიშუსტინი დაასახელა.
რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:
მთავრობა გადადგა, პუტინს კონსტიტუციის შეცვლა სურს: რა ხდება რუსეთში
გარეკანის ფოტო: EPA