ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პატრიკ ჰიკის დავალებით, თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგების გასაცნობად და ოლიმპიური ფესტივალის ტერიტორიაზე მონიტორინგის ჩასატარებლად არაგეგმიური ვიზიტით კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე ჯოზეფ ლიბა და კომისიის მენეჯერი კატერინა ნიცოვა იმყოფებიან. მათ მოინახულეს ობიექტები და შეხვდნენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
”ჩვენს ახლაშენებულ ნაგებობებს სტიქიის დროს პრობლემა არ შექმნიათ. ჩვენმა სტუმრებმა მოინახულეს ყველა ობიექტი და შეხვდნენ პრემიერს, რომელმაც სრულ მზადყოფნა გამოთქვა ჩვენს დასახმარებლად,” – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის წევრები ბაქოში პირველ ევროპურ თამაშებს ესწრებიან და თბილისში ბაქოდან გუშინ საგანგებოდ ჩამოფრინდნენ.
”ბაქოში ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. ვიცოდით, რომ თბილისი სრულად წყლის ქვეშ იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ ქალაქში ჩამოვსულიყავით და ყველაფერი ადგილზე დაგვეთვალიერებინა. მოხარული ვართ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დღეს, როგორც ოლიმპიადის ჩატარებას, ისე ქალაქს საფრთხე აღარ ემუქრება,”- განაცხადა ჯოზეფ ლიბამ.
როგორც ალექსი ახვლედიანმა განაცხადა, მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოინახულონ ოლიმპიადის გასამართად შერჩეული ტერიტორიები და ახლად აშენეული ობიექტები.
საქართველოში ოლიმპიური ცეცხლი 26 მაისს ჩამოვიდა. 14 ივლისს მას უკვე თბილისში შემოიტანენ. ცეცხლი სხვადასხვა რაიონის მოვლის შემდეგ კუს ტბის ტერიტორიაზე აინთება.
26 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, “თბილისი 2015”-ის საზეიმო გახსნის ცერემონია იგეგმება. მასში მონაწილეობას მიიღებენ 50 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზდა სპორტსმენები. გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად დარიგდება მოსაწვევები და სიმბოლურ ფასად გაიყიდება ბილეთები, რომ მსურველებმაც შეძლონ სტადიონზე მისვლა.
დათო ოქიტაშვილის კომპანიის ”კულტურის პალატის” მოწვევით, თბილისში იმყოფება ბრიტანელი რეჟისორი, რომელიც დადგამს გახსნის ცერემონიას. დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს სამზადისი, ზუსტი დეტალები არ ვიცით, თუმცა ცნობილია, რომ წარმოდგენაში იქნება ელემენტები ქართული ფოლკლორიდან,”- აცხადებს ოლიმპიური კომიტერის პრესსამსახურის წარმომადგენელი ლიზა ვადაჭკორია.
რიგით მე–13 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალსი მონაწილეობას 49 ქვეყანიდან 3800 ახალგაზრდა სპორტსმენი მიიღებს. მათი ასაკი 14-დან 18 წლამდე იქნება.