ახალი ამბები

პუტინმა პრემიერობის კანდიდატი წარადგინა – მიხეილ მიშუსტინი

15 იანვარი, 2020 • 1267
პუტინმა პრემიერობის კანდიდატი წარადგინა – მიხეილ მიშუსტინი

ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო დუმას შესთავაზა მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა. მიშუსტინი აქამდე ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

„პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამუშაო შეხვედრა ჩაატარა მიხეილ მიშუსტინთან და შესთავაზა, მთავრობის თავმჯდომარე გამხდარიყო. თანხმობის შემდეგ მიშუსტინის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა განსახილველად  სახელმწიფო დუმაში შეიტანა“, –  იუწყება “რია ნოვოსტი” კრემლის პრეს-სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.

მიშუსტინის კანდიდატურის განხილვისას პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი მედვედევი იქნება.

15 იანვარს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგებოდა.

მედვედევის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ვლადიმერ პუტინი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლების წინაშე გამოვიდა სიტყვით, სადაც ახალი ინიციატივები წარადგინა – მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც პრეზიდენტის უფლებები იზღუდებოდა.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი