ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

განადგურებული პალმები, ბზა, წაბლი და სხვა – აფხაზეთში მავნებელ მწერებს ებრძვიან

15 იანვარი, 2020 • 2963
განადგურებული პალმები, ბზა, წაბლი და სხვა – აფხაზეთში მავნებელ მწერებს ებრძვიან

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი


მავნებელი მწერების გავრცელების საფრთხის გამო აფხაზეთში პალმების შემოტანა აკრძალეს. პარალელურად, სოხუმის მერმა დედაქალაქში ევროპიდან მსხვილღეროვანი პალმების 60 ნერგი ჩამოიტანა. 

როგორც აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი მიხეილ ქირია ჰყვება, ინსტიტუტმა რეკომენდაცია გასცა, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში პალმების შემოტანა აიკრძალოს. 

„ჯერ უნდა გავუმკლავდეთ მავნებლების იმ სახეობებს, რომლებიც ჩვენთან უკვე გავრცელდა. ვაწარმოებთ მონიტორინგს ფერომონული ხაფანგების დახმარებით. შარშან შემოდგომაზე, პალმების მასობრივი დაღუპვის პერიოდში, სანამ პესტიციდებით მათ დამუშავებას დავიწყებდით, ხაფანგში 10-ზე მეტი მავნებელი ხვდებოდა, რაც ბევრია. მას შემდეგ, რაც პალმების შეწამლვა დავიწყეთ, ხაფანგში დღეში 1-2 მავნებელი ხვდებოდა. ეს დამუშავების ეფექტიანობაზე მიანიშნებს“, – ამბობს ქირია. 

პალმების განადგურების საკითხზე განგაში ატეხეს სოხუმის აქტიურმა მოქალაქეებმა. საზოგადოებრივმა აქტივისტმა თენგიზ თარბამ მავნებლებთან საბრძოლველად ფულის შეგროვება დაიწყო. უკვე მოგვიანებით პრობლემას ყურადღება მიაქციეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა – საქართველოს გავლით, ევროპელებმა სოხუმში შხამქიმიკატების გამოგზავნა დაიწყეს. 

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1920 ლიტრი პესტიციდები გამოაგზავნა, რომლებითაც რესპუბლიკაში დღემდე მიმდინარეობს პალმების დამუშავება.

“მთავრობას ჯერ ვერ გადაუწყვეტია, თუ ვის დააკისროს პასუხისმგებლობა მცენარეების მდგომარეობაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებობს მცენარეთა დაცვის სამსახური, რომლის უფლებამოსილებაშიც შედის მიწის დამუშავება, მაგრამ პარკები დაუფარავი გვრჩება. სანამ ეს საკითხი ჰაერშია გამოკიდებული, ქალაქში მცენარეების მდგომარეობას ქალაქების ადმინისტრაციები აკონტროლებენ, მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება. უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურა, რადგანაც ახალი მავნებლები გასაოცარი სისწრაფით ანადგურებენ არსებულ სახეობებს”, –  ამბობს ეკოლოგიისა და ბუნების კომიტეტის ხელმძღვანელი საველი ჭითანავა.

ბზა

ბზის 90 პროცენტი უკვე განადგურებულია Cydalima perspectalis-ის მიერ. 

„ბზა გადარჩა მხოლოდ იქ, სადაც მას პესტიციდებით წამლავდნენ, რიწის ნაკრძალში. საუბარი მის აღდგენაზე ნაადრევია, განადგურდა ის, რაც საუკუნეების განმავლობაში იზრდებოდა, ხოლო თუ ახლა დავიწყებთ ახალი მცენარეების დარგვას, მისი დაკარგვაც შესაძლებელია, რადგანაც Cydalima perspectalis-ის რაოდენობა გაიზრდება იმიტომ, რომ მას ახალი საკვები გაუჩნდება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია მხოლოდ დაკვირვება და გადარჩენილი ხეების შეწამლვა“,  – ამბობს ეტნომოლოგი მიხეილ ქირია. 

მსხვილღეროვანი პალმები

ახლად დარგული მსხვილღეროვანი პალმების დამუშავების პასუხისმგებლობა ევროპული სანერგე მასალის ექსპორტიორმა კომპანია „აშტა გრუპმა“ აიღო. 

როგორც საველი ჭითანავა ამბობს, ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული კომპანია საკუთარი ხარჯით მოუვლის 70-ზე მეტ პალმას, რომელიც ქალაქის მერის, კან კვარჩიას პირადი დაკვეთით ჩამოიტანეს.

“დიახ, ნერგების შემოტანა აიკრძალა, თუმცა ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოახერხა რეგულაციებისთვის გვერდის ავლა. შესაბამისად, ქალაქმა მიიღო ახალი ხეები ბიუჯეტის ფულის გარეშე, ეს ძალიან მომგებიანი გადაწყვეტილებაა“, – აცხადებს ჭითანავა. 

თუმცა ერთი წლის შემდეგ პალმების დამუშავება უკვე საჭირო იქნება, რადგან სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მავნებლის სამუდამოდ მოშორება შეუძლებელია.

„ევროპაში, კერძოდ ესპანეთსა და იტალიაში, ყოველი პალმის დამუშავებაზე წელიწადში რამდენიმე ასეული ევრო იხარჯება. ესაა რეალობა, რომელთანაც შეგუება ჩვენც მოგვიწევს, თუ არ გვინდა ჩვენი საპარკო მცენარეები დავკარგოთ“, – ამბობს მიხეილ ქირია.

მარაოსებრი პალმა (Trachycarpus)

კიდევ ერთი სახეობა, რომელიც პარაზიტი მწერებით არის დაავადებული, მარაოსებრი პალმაა. ჩრჩილი ჭამს ფოთოლს ჯერ კიდევ მის ჩანასახშივე და გარეთ უკვე დაზიანებული ფოთოლი გამოდის. 

ეტნომოლოგთა განმარტებით, აფხაზეთში აბსოლუტურად ყველა პალმაშია გავრცელებული ჩრჩილი. 

„ეს მავნებელი ჩვენთან სოჭიდან გავრცელდა, თუმცა იმ მცენარეებში ჩნდება, რომლებიც განსაკუთრებულად ფასეული არაა. მარაოსებრი პალმები თავისით მრავლდება და სწრაფად იზრდება, ამიტომ, არანაირი პრობლემა არაა მათი მოჭრა და თავიდან დარგვა, თუმცა, ეს ბიუჯეტზე დამატებითი დატვირთვაა“, – ამბობს ქირია.

ევკალიპტი და ფიჭვი

აფხაზეთში მავნებელი მწერების ახალი სახეობები ევკალიპტს და ფიჭვსაც გაუჩნდა. 

„გაგვიმართლა, რომ აფხაზეთში ამ პარაზიტებს ჰყავთ ბუნებრივი მტრები, ევკალიპტი და ფიჭვი მარტო ლამაზი მცენარეები კი არაა – ისინი ქმნიან მიკროკლიმატს, ლანდშაფტს, ამყარებენ და ამშრალებენ ნიადაგს“, – ამბობს საველი ჭითანავა.

ამ მავნებლების რაოდენობასაც ეკოლოგიის ინსტიტუტი აკვირდება.

წაბლი

აფხაზეთში წაბლს მასობრივად ანადგურებენ მავნებლები და სოკო, რომლის არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებსაც პარაზიტები ქმნიან. წაბლი ძირითადად ტექნიკისთვის რთულად მისაწვდომ დგილებში იზრდება, ამიტომ მათი პესტიციდებით დამუშავება შეუძლებელი ხდება. 

„არ შეიძლება არც ავიაციის გამოყენება, რადგანაც ეს სერიოზული დარტყმა იქნება აფხაზეთის ეკოლოგიისთვის. ტყის ხანძრები არა მარტო ფლორასა და ფაუნას აზიანებენ, ხელს უწყობენ მავნებელი მწერების რაოდენობის შემცირებას. ამიტომ წაბლის პარაზიტების ბუნებრივი გზით მოშორების შანსი არსებობს”, – ამბობს მიხეილ ქირია. 

როგორც ენტომოლოგი ჰყვება, ეკოლოგიის ინსტიტუტი მავნებლების იმ ნაირსახეობებსაც შეისწავლის, რომლებიც აფხაზეთში ჯერ არ გამოუვლენიათ, თუმცა უკვე იჩენენ თავს სოჭის პარკებში, მაგალითად – კვიპაროსის პარაზიტი

„ყველა მავნებელი ჩვენთან რუსეთიდან, ოლიმპიადის შემდეგ მოხვდა. როგორც ცნობილია, სოჭში ისინი ნერგებიდან მოხვდნენ, შემდეგ კი ჩვენთანაც გავრცელდა. ყველა სახეობა თავს გარკვეული დროის შემდეგ იჩენს. თავდაპირველად მწერი ადაპტაციას ახდენს პირობებთან, შემდეგ აქტიურად მრავლდება და როცა მისი რაოდენობა სცდება ბუნებრივ ზღვარს, შემდეგ უკვე ხდება მავნებლის აღმოჩენაც.. კიდევ რა სიურპრიზები გველოდება, არ ვიცით, ყოველ წელს ახალი მავნებელი ჩნდება“, –  ამბობს ქირია. 

საველი ჭითანავა, თავის მხრივ, შეწუხებულია რესპუბლიკაში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობით.

 „ჩვენ პესტიციდებით ვამუშავებთ ნერგებს, რათა გადავარჩინოთ მოსავალი აზიური ფაროსანისგან, ვწამლავთ პარკებს პალმების გადასარჩენად, მაგრამ ასე თუ  მოვექეცით ყველა ძვირფას მცენარეს, სუფთა ბუნებაზე საუბარი აღარ მოგვიწევს. ნიადაგი და წყალი გაჟღენთილი იქნება ქიმიკატებით“, – დარწმუნებულია აფხაზეთის მთავარი ეკოლოგი..

მასალების გადაბეჭდვის წესი