ახალი ამბები

მერია: ზოოპარკიდან გამოტანილ დახოცილ ცხოველებს დაწვავენ

18 ივნისი, 2015 •
მერია: ზოოპარკიდან გამოტანილ დახოცილ ცხოველებს დაწვავენ

თბილისის ზოოპარკის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ  “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დახოცილი ცხოველების ნეშტები ზოოპარკში არ რჩება და  მერიის დასუფთავების სამსახურს გააქვს.

“დღემდე ცხოველები გადაჰქონდათ ნორიოს ნაგავსაყრელზე და იმარხებოდა სურსათის უვნებლობის სააგენტოს ვეტერინარების ზედამხედველობით, ვეტერინარული წესების სრული დაცვით. ახლა მოხდება ცხოველების დაწვა,”– აცხადებენ მერიაში.


მერიის პრესსამსახურის განცხადებით, შესაძლოა ცხოველების დასაწვავად სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინსენერატორი გამოიყენონ. მათი განცხადებით, მერიასთან ერთად ამ საკითხზე სურსათის უვნებლობის სააგენტო მუშაობს. 

 
 
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რატომ გადაწყდა ამ ცხოველების დაწვა, მერიის პრესსამსახური პასუხობს, რომ ეს ტექნიკური საკითხია.
 
 
“ის ტერიტორია, ბუნებრივია, რომ ნაგავსაყრელს არ ქონდა განსაზღვრული ტერიტორია ცხოველებისთვის, ეს ტექნიკური რაღაც არის, მეტი არაფერი,”– აცხადებენ მერიაში.
 
 
რაც შეეხება ექსპერტიზას, მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ექსპერტიზას დახოცილ ცხოველებს სპეციალისტები ადგილზე უტარებენ. ზოოპარკის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ მათ ტერიტორიაზე აღმოჩენილ ყველა ცხოველს ვეტექიმები ამოწმებენ. 
 

ვეფხვი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 ივნისის დილას. ადგილზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ ვეფხვი სამართალდამცავებმა სტიქიის ღამეს მოკლეს. ფოტო–ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 14.06.2015
ვეფხვი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 ივნისის დილას. ადგილზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ ვეფხვი სამართალდამცავებმა სტიქიის ღამეს მოკლეს. ფოტო–ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 14.06.2015

 
 
თბილისში 13 ივნისს მომხდარ წყალდიდობას დღევანდელი მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა და დაკარგულად 3 ადამიანი ითვლება.  

დაიტბორა ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გუშინ ლაგუნა ვერეს მინდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა 1 პირი დაგლიჯა. ამ ინცინდენტის შემდეგ სამართალდამცავებმა ვეფხვი მოკლეს. დღეის მდგომარეობით, ეძებენ ზოოპარკიდან გაქცეულ 1 ვეფხვსა და 1 ზოლიან აფთარს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი