ზოოპარკის ინფორმაციით, ამ ეტაპზე იძებნება 1 ვეფხვი და 1 ზოლიანი აფთარი.
“საძიებო ჯგუფები მთელი ქალაქის მასშტაბით მოძრაობენ, მიმდინარეობს ძიების სამუშაოები. მოქალაქეებს მოვუწოდებ სიფხიზლისკენ, და რაიმე მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შემთხვევაში დაიყოვნებლივ მიმართონ 112–ს. არის ძალიან ბევრი გამოძახება და ყველა გამოძახებაზე არის რეაგირება. ჩვენ უკვე მონადირეების ჯგუფის ჩართვა გვაქვს ორგანიზებული საძიებო სამუშაოებში, ასე რომ, იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ამ ღონისძიებებს თავის შედეგი მოყვება,”– განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რატომ არ ჩართეს მონადირეთა ჯგუფი ამ დრომდე, ჯანელიძემ უპასუხა:
“იმიტომ, რომ იყო ინფორმაცია მოწოდებული, რომ ცხოველები ზოოპარკს მიღმა აღარ იყვნენ”.
თბილისში 13 ივნისს მომხდარ წყალდიდობას დღევანდელი მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა და დაკარგულად 3 ადამიანი ითვლება.
დაიტბორა ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გუშინ ლაგუნა ვერეს მინდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა 1 პირი დაგლიჯა. ამ ინცინდენტის შემდეგ სამართალდამცავებმა ვეფხვი მოკლეს.