ახალი ამბები

იანვრის მეორე კვირაში გრიპის ვირუსით მიმართვიანობამ და ჰოსპიტალიზაციამ იმატა – გამყრელიძე

13 იანვარი, 2020 • 1127
იანვრის მეორე კვირაში გრიპის ვირუსით მიმართვიანობამ და ჰოსპიტალიზაციამ იმატა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, იანვრის პირველ კვირასთან შედარებით, მეორე კვირაში გრიპის ვირუსთან დაკავშირებულმა მიმართვიანობამ ასი ათას მოსახლეზე 191-დან 219-მდე იმატა. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, 13 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, 3%-ით იმატა საავადმყოფოებში მძიმე, მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლმაც.

“გრიპის სეზონი გრძელდება მარტის ბოლომდე, ან აპრილის შუა რიცხვებამდე. ამიტომ ყურადღბა არ უნდა მოვადუნოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში არდადეგების გახანგრძლივების საკითხს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.

ავადმყოფი ბავშვები არ უნდა იმყოფებოდნენ არც სკოლამდელ ბავშვთა დაწესებულებაში, არც სკოლაში და ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, მშობელმა და არ უნდა წაიყვანოს ავადმყოფი ბავშვი სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში. როგორც კი შენიშნავენ, რომ ბავშვი არის ავად, აქვს რესპირაციული სიმპტომები, უნდა მოახდინონ მისი იზოლირება სკოლის ან საბავშვო ბაღის ტერიტორიიდან. რაც შეეხება სწავლის გადადებას ან არდადეგების გახანგრძლივებას, ეს ამ ეტაპზე არ ითვლება მიზანშეწონილად”, – განმარტა ზახაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი