ახალი ამბები

ავთანდილ წერეთელმა ქვეყნიდან სამკურნალოდ გასვლის ნებართვისთვის პროკურატურას მიმართა

13 იანვარი, 2020 • 1650
ავთანდილ წერეთელმა ქვეყნიდან სამკურნალოდ გასვლის ნებართვისთვის პროკურატურას მიმართა

ტელეკომპანია “პირველის” მფლობელის მამამ, ავთანდილ წერეთელმა პროკურატურას მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ წასვლის ნებართვისთვის მიმართა. ავთანდილ წერეთლის ადვოკატის, კახა წერეთლის განმარტებით, პროკურატურას წარუდგინეს ცნობა შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებიდან. ასევე, ავიაბილეთები, იმის დასტურად, რომ ავთანდილ წერეთელი 19-დან 30 იანვრის ჩათვლით საქართველოში არ იქნება.

კახა წერეთლის თქმით, პროკურატურის თანხმობა მათ სჭირდებათ სასამართლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რადგან ამ დღეებში სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩანიშნულია 5 სხდომა, რომელზე დასწრებასაც ავთანდილ წერეთელი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოახერხებს.

“მანამდე, ის ქვეყნიდან პროკურატურის თანხმობით ერთხელ უკვე არის გასული. ეს თანხმობა მას სჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თუმცა ახლა ცოტა განსხვავებული ვითარებაა. როდესაც მოსამართლე ნიშნავდა სხდომებს, ჩვენ მივაწოდეთ მას ინფორმაცია, რომ ამ პერიოდში ბატონი ავთანდილი არ იქნებოდა საქართველოში. ამის მიუხედავად, მაინც ჩაინიშნა 5 სხდომა.

ჩვენ პოზიტიური მოლოდინი გავქვს და დარწმუნებული ვართ, რომ პროცესის სიჩქარეს არ ანაცვალებენ ადამიანის ჯანმრთელობას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ხვალ ან ზეგ მივიღებთ პასუხს და გვაქვს დადებითი პასუხის მოლოდინი”, – განმარტავს წერეთლის ადვოკატი.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 24 ივლისს თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. საქმეზე ბრალდებულია ტვ “პირველის” მფლობელის, ვატო წერეთლის მამა ავთანდილ წერეთელი. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი