“მივმართავ ყველას, ვისაც აქვს საშუალება, დაეხმარპნ გაჭირვებულ ადამიანებს. მივმართავ თბილისის მოსახლეობას: არ შეშინდნენ. ყველაფერი გაივლის და მშვიდობით დამთავრდება” – განაცხადა ილია მეორემ.
“ბოლო დღეების სტიქიურმა მოვლენებმა დიდად შეგვაწუხა ჩვენ ყველანი, მრავალი გარდაიცვალა, მრავალი დარჩა უსახლკაროდ, მრავალი დაშავდა. უნდა ითქვას, რომ ამ მწუხარებამ, ამ განსაცდელმა გააერთიანა ქართველი ხალხი და მთელი ხალხი გამოვიდა დასახმარებლად გაჭირვებულების. ეკლესია, რა თქმა უნდა, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ამაში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად, რაღაც დახმარება გავუწიოთ გაჭირვებულებს. მე მივეცი ლოცვა-კურთხევა საპატრიარქოს ეპარქიებს, რომ 100 ათასი ლარის შემოწირულობა გადარიცხონ და მათ ცალკე გააკეთონ შეწირულობა, ვისაც რა შეუძლია“, -განაცხადა პატრიარქმა.
„მე მივეცი ლოცვა-კურთხევა საპატრიარქოს, რომ შესწიროს 100 000 ლარი გაჭირვებულთათვის. მე იმედი მაქვს, ეპარქიებიც ცალკე გააკეთებენ შემოწირულობას, ვისაც რა შეუძლია. საპატრიარქოს შემოსწირეს სამოთახიანი ბინა და ვეცდები გამოვნახოთ მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც აღარ აქვს არავითარი საშუალება და სახლი და გადავცეთ მას”- განაცხადა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, დაიღუპა სამი თანაშრომელი და დაიხრჩო ცხოველების ნაწილი, ნაწილი კი ზოოპარკიდან გაიქცა. გუშინ ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ეძებდნენ მხოლოდ ერთ ზოლიან აფთარს, ერთ ვეფხვს და ერთ დათვს. მათი განცხადებით, არ იციან, ეს ცხოველები ცოცხლები არიან თუ არა.