“საქართველოში არის 5 ათასამდე მეწყრული კერა. ეს კერა აქტიურდება ხან ღამის 3, ხან ღამის 4 საათზე. ამის შესახებ ინფორმაციის ავტომატური მოძრაობა არ ხდება. ხდება მეწყრის აღმოჩენა. ინფორმაცია მეწყრის შესახებ პირველ რიგში მიეწოდება გარემოს დაცვის სამინისტროს. მე არ მგონია, რომ რაიმე კოორდინაცია იყო დარღვეული. თუმცა, თუ კონკრეტული კითხვები არსებობს, ეს მოითხოვს კონკრეტულ პასუხებს. მოითხოვეთ შესაბამისი პირებისგან პასუხი და ამ პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი, იყო თუ არა რამე დარღვევა” – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
სამინისტროს ცნობით, მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას.
“კერძოდ, მოწყდა დაახლოებით მილიონ მეტრ კუბამდე მყარი მასა, რამაც განაპირობა ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნა, ნაკადმა დროებით ჩაკეტა მდინარე ვერეს ხეობა. ყოველივეს წინ უძღოდა უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა სეტყვისა და წვიმის სახით.
შექმნილი ხანმოკლე წყალშეგუბების გარღვევას მოჰყვა მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონის აწევა, ღვაროცოფული ნაკადის გავლა და ცალკეული ადგილების დატბორვა”, – აცხადებენ სამინისტროში.