ახალი ამბები

თბილისში 24 წლის კაცი მოკლეს, დაკავებული სპეცრაზმელია 

6 იანვარი, 2020 • 3330
თბილისში 24 წლის კაცი მოკლეს, დაკავებული სპეცრაზმელია 

მთავარი არხის ცნობით, თბილისში  24 წლის მურად წურწუმია სპეცრაზმელებმა წამებით მოკლეს. 

არხის ცნობით,  შემთხვევა 2 იანვარს  ვარკეთილის სასაფლაოზე მოხდა, სადაც შსს-ს თანამშრომლებმა სცემეს და დანით დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი გააშიშვლეს და სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში დატოვეს. ნაცემია დაღუპულის ძმაც. 

შსს-ში  “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი კი 5 იანვარს დააკავეს. 

დაკავებული შსს-ს მოქმედი თანამშრომელია, ამიტომაც გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა დაწყებული –126 -ე [ ძალადობა ორი ან მეტი პირის მიმართ], 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე] და  143-ე [თავისუფლების უკანონო აღკვეთა]. 

მოკლულის მურად წურწუმიას ძმა და ოჯახის წევრები “მთავართან” საუბარში აცხადებენ, რომ სასტიკ დანაშაულში ერთზე მეტი სპეცრაზმელი იყო და მიმართავენ ხელისუფლებას, ხელი არ დააფარონ დამნაშავეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი