ახალი ამბები

მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

8 იანვარი, 2020 • 1511
მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

თბილისის პროკურატურამ 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე, მოქმედი სპეცრაზმელის გარდა, კიდევ ერთი პირი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულ ვ.ბ-ს ბრალი ედება სსკ-ის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია)  და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა  ნაწილის “ბ’” ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა შელაპარაკების შედეგად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მურად წურწუმიას და მუხრან ჩხვირკიას, რა დროსაც მიღებული დაზიანებების შედეგად მურად წურწუმია გარდაიცვალა, მისმა ძმამ მუხრან ჩხვირკიამ კი “განიცადა ფიზიკური ტკივილი”.

მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ძმები “დამპალოს სასაფლაოზე” მამის საფლავის მოსანახულებლად ავიდნენ, სადაც სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს ღია ავტომობილი და რამდენიმე მეტრით გაატარეს, შემდეგ კი გზა ფეხით განაგრძეს. მათი თქმით, სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა სპეცრაზმელ ზურაბ ფოფხაძესთან და მის მეგობართან დაპირისპირება. ფიზიკური დაპირისპირებისას კი მუხრან ჩხვირკია ვარკეთილში, თავისი სახლისკენ გაიქცა დახმარების სათხოვნელად.

მოკლულის ოჯახმა “მთავარ არხს” უთხრა, რომ ჩხვირკია ძმის საძებნელად სასაფლაოზე რამდენიმე პირთან ერთად დაბრუნდა, თუმცა ის ვერ იპოვეს. როგორც ოჯახი ამბობს, ზურაბ ფოფხაძემ და მისმა მეგობარმა სასიკვდილოდ ნაცემი წურწუმიას გამოფხიზლება სცადეს და შემდეგ ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში დატოვეს, სასწრაფოში კი გამვლელს დაარეკინეს. მურად წურწუმია კლინიკაში რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. თავდაპირველად ოჯახი ამბობდა, რომ წურწუმიას ცემის შედეგად ამოგდებული ჰქონდა თვალი, თუმცა როგორც პროკურატურიდან ნეტგაზეთს აცნობენ, გარდაცვლილის სხეული ექსპერტმა ოჯახის თანდასწრებით ხელმეორედ დაათვალიერა და რომელიმე თვალის დაკარგვა არ დადასტურდა.

აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას ზურაბ ფოფხაძემ დანაშაული აღიარა და თქვა, რომ მიზნად არ ჰქონია ვინმეს მოკვლა. მოკლულის ოჯახი სპეცრაზმელისა და მისი მეგობრის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მათი თქმით, თუ მოკლულმა და მისმა ძმამ რაიმე დააშავეს, სამართალდამცველს პოლიცია უნდა გამოეძახებინა და სასიკვდილოდ არ უნდა ეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი