ახალი ამბები

პრეზიდენტი პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფას ახსენებს, თუმცა ციანიდის საქმეში ილია მეორე არ ფიგურირებს

6 იანვარი, 2020 • 1404
პრეზიდენტი პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფას ახსენებს, თუმცა ციანიდის საქმეში ილია მეორე არ ფიგურირებს

სალომე ზურაბიშვილმა 6 იანვარს შეწყალებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების არგუმენტების არარსებობაზე ისაუბრა, განაცხადა:

“ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან. ეკლესიისგან, რომელიც მუდამ იყო მისი დამოუკიდებლობის გზის გამჭრელი. ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრიდა და უდრის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესუსტებას.

ჩემი პირადი, როგორც პრეზიდენტის, დამოკიდებულება პატრიარქის მიმართ, პიროვნებისადმი, რომელმაც სრულიად განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის, ეკლესიის აღორძინებაში და სულიერების აღდგენის უდიდეს საქმეში. ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როცა საქართველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას. ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა, სხვა გადაწყვეტილება რომ მიმეღო, მე არ მექნებოდა პასუხი იმაზე, თუ რა მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და შემდეგი თაობა. ალბათ იკითხავთ, რატომ არ გავითვალისწინე წმინდა სინოდის თხოვნა? ამაზე პასუხი ის გახლავთ, რომ შეწყალება ეკლესიის წიაღში, რომელიც არსებითად ქრისტიანულია, და შეწყალება სახელმწიფოს მხრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვა შემთხვევაში, კონსტიტუცია სწორედ ეკლესიას დაუტოვებდა ამ უფლებას“,– განაცხადა ზურაბიშვილმა.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების რეკომენდაციით პრეზიდენტ ზურაბიშვილს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი