ახალი ამბები

Flea Market-დან შემოსული ფულით გარემოვაჭრეს ჯარიმის თანხა შეუგროვეს [ფოტო]

5 იანვარი, 2020 • 2004
Flea Market-დან შემოსული ფულით გარემოვაჭრეს ჯარიმის თანხა შეუგროვეს [ფოტო]

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” მოძრაობა “შეცვალესთან” ერთად გარემოვაჭრეებს, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობაზე, დედაენის ბაღში ფლი მარკეტი დაუორგანიზა. დედაენის ბაღში გარემოვაჭრეებთან ერთად სოლიდარობის მიზნით შეიკრიბნენ ქართველი მეწარმეებიც, რომელთა განცხადებითაც შემოსული თანხა გარემოვაჭრეებს გადაერიცხებათ.

მოძრაობა “შეცვალეს” წევრის, დემეტრე ბიძინაშვილის განცხადებით ფლი მარკეტის ორგანიზატორებმა თანხა შეუგროვეს გარემოვაჭრეს, რომელიც გუშინ თბილისის მერიის წარმოამდგენლებმა 50 ლარი დააჯარიმეს:

“ვაჭრობამ ძალიან კარგად ჩაიარა, საკმაოდ ბევრი პროდუქტი გაყიდეს გარემოვაჭრეებმა, მათ შორის იყვნენ მოხალისე ადამიანებიც, რომლებიც საკუთარ ხელნაკეთ ნივთებს ყიდიდნენ და შემდგომ ამ შემოსული თანხით დავეხმარეთ გარემოვაჭრეებს და მათ შორის იმ ქალბატონს, რომელიც გუშინ მერიამ აქციის შემდეგ დააჯარიმა”, – ამბობს დემეტრე ბიძინაშვილი.

ერთერთი ორგანიზატორის, სირცხვილიას აქტივისტის, თათია წულაძის განმარტებით სამოქალაქო მოძრაობა ამ გზით გამოხატავს სოლიდარობას გარემოვაჭრეების მიმართ:

“მას შემდეგ, რაც გარემოვაჭრეებმა უარი თქვეს რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის გადასვლაზე და იმ ადგილას ვაჭრობაზე, სადაც ვახა მაჩალიკაშვილის კარავი იდგა და სადაც 20 ივნისის მოვლენები მოხდა ჩვენ გადავწყვიტეთ სოლიდარული ხასიათის ფლი მარკეტი მოგვწყო. ამ ადამიანებს მოვუწყეთ სავაჭრო სივრცე იმისთვის, რომ თავიანთი პროდუქცია გაყიდონ… ზუსტად ეს ორი კვირაა მათთვის სავაჭროდ ყველაზე კარგი პერიოდი და გამომდინარე იქიდან, რომ ამით არჩენენ ოჯახებს დღეს მოვუწყეთ ფლი მარკეტი”, – განმარტა წულაძემ.

“სირცხვილიას” ერთ-ერთი აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, თბილისის მერია გარემოვაჭრეების ნაწილს დაემუქრა, რომ არასადღესასწაულო დღეებში, შაბათ-კვირას სხვადასხვა სკვერში ვაჭრობის უფლებას აღარ მისცემდნენ:

“დააჯარიმეს ერთ-ერთი გარემოვაჭრე გარევაჭრობის გამო და დაემუქრნენ, რომ აღარ შეუშვებდნენ არც ერთ სკვერში… რამდენიმე ადამიანს ეყო გამებდაობა და მოვიდა, დანარჩენებიც იმედია შემოგვიერთდებიან, როცა ნახავენ, რომ აქ ვერაფერს ვერ დაუშავებენ”, – ამბობს მაქარაშვილი.

ფლი მარკეტის ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ 7 დეკემბერს სოლიდარობის მიზნით კვლავ გამართავენ ფლი მარკეტს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე, ორგანიზატორეის განმარტებით, ისინი ჯერ გარემოვაჭრეებთან გეგმავენ აღნიშნულ საკითხზე შეთანხმებას.

შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს რამდენიმე გარემოვაჭრემ რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტთან გადანაცვლება გააპროტესტა, მათი განმარტებით, ისინი ვერ ივაჭრებენ იქ, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ.

გალერეა

მას შემდეგ რაც გარემოვაჭრეებს რესპუბლიკის მოედანთან ვაჭრობა აუკრძალეს, “სირცხვიალიას” და შეცვალეს ორგანიზატორობით გარემოვაჭრეებისთვის ფლი მარკეტი დედაენის ბაღში მოეწყო

გარემოვაჭრეებს ქართველი მეწარმეებიც შეუერთდნენ

ელენე ხოშტარია

ერთ-ერთი გარემოვაჭრე დედაენის ბაღში გამართულ ფლი მარკეტზე

გარემოვაჭრე დედაენის ბაღში პოპ კორნს ყიდის

შვილიშვილი ბებიას ბუშტების გაბერვასა და ვაჭრობაში ეხმარება

გარემოვაჭრე ბებია და შვილიშვილი

ფლი მარკეტის ორგანიზატორები გარემოვაჭრეებსა და მისულ მოქალაქეებს უფასო ყავით გაუმასპინძლდნენ. წარწერა ჭიქაზე – “პროპორციული ყავა”

მასალების გადაბეჭდვის წესი