ახალი ამბები

ზოოპარკი: სტიქიის ღამიდან დღემდე ქალაქში არც ერთი ცხოველი არ იქნა აღმოჩენილი

15 ივნისი, 2015 •
ზოოპარკი: სტიქიის ღამიდან დღემდე ქალაქში არც ერთი ცხოველი არ იქნა აღმოჩენილი

თბილისის ზოოპარკის ცნობით, სამაშველო და საძიებო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს – მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და  გრძელდება ტერიტორიის გასუფთავება.

 

“წყალდიდობის შედეგად ჩახერგილია ზოოპარკის ქვედა ნაწილი. ჯერჯერობით შეუძლებელია დაღუპული ცხოველების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ვოლიერები ჯერ კიდევ დატბორილია. თბილისის ზოოპარკის ბინადრების 50%-ზე მეტი დაიხრჩო.

 

ნაწილმა ტერიტორიიდან გასვლა შეძლო. მათ შორის იყო ჰიპოპოტამი, რომლის იმობილიზაცია და ზოოპარკში დაბრუნება გუშინვე მოხერხდა. სტიქიას გადაურჩნენ მხოლოდ ის ცხოველები, რომელთა ვოლიერებიც შემაღლებულ ადგილასაა განთავსებული. მათ შორის არიან სპილოები, თეთრი ლომები, ლეოპარდები, ირმები, ზებრები, ლამები, ტაპირი, მარტორქა, ცივეტა, სერვალი, ჯიხვი, ცხენები, აზავერები და სხვადასხვა სახეობის ფრინველები. წყალდიდობას გადაურჩა ეგზოტარიუმიც. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნ და გადარჩენილ ცხოველებს შორისაა 2 დათვი, 2 ნიანგი, 2 მგელი, 6 პინგვინი, გარეული ტახის გოჭი და რამდენიმე ფრინველი”, – აცხადებენ ზოოპარკში.

 

ზოოპარკის ცნობით, ამჟამად ადგილზე იმყოფება ყველა თანამშრომელი და აგრძელებენ როგორც გადარჩენილი ცხოველების მოვლა-პატრონობასა და რეაბილიტაციას, ასევე ჩართულნი არიან გაწმენდით სამუშაოებში. ზოოპარკში მობილიზებულია ასობით მოხალისე, რომლებიც ტერიტორიას ასუფთავებენ.

 

ზოოპარკის ინფორმაციით, 13 ივნისს ადიდებული მდინარე ვერე ზოოპარკში დაახლოებით 23:30 საათზე შეიჭრა. წყალმა მთლიანად დაფარა ცხოველების ვოლიერები.

 

“შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ზოოპარკის თანამშრომლები, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და სპეცდანიშნულების რაზმი. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამე გრძელდებოდა. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილმა მოახერხა ვოლიერებიდან გამოსვლა. ზოოპარკის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ საიმობილიზაციო საშუალებებით ცხოველების დაძინებას და უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანას. სპეცდანიშნულების რაზმი იძულებული გახდა მოეხდინა იმ რამდენიმე მტაცებლის ლიკვიდაცია, რომელმაც მიაღწია ავტომაგისტრალს, სადაც საცობის გამო უამრავი ადამიანი იმყოფებოდა”, – ნათქვამია ზოოპარკის განცხადებაში.

 

სტიქიამ ზოოპარკის 3 თანამშრომელი იმსხვერპლა: გულიკო ჭიტაძე, თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი, მისი მეუღლე მალხაზ ჭიტაძე, მომვლელი და გივი დვალი, ასევე მომვლელი. მათი ცხედრები 14 ივნისს, მომვლელებისთვის განკუთვნილ შენობაში იქნა აღმოჩენილი.

მზიურის ქვედა ნაწილი 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ. სერგი ბარისაშვილის ფოტო. 14.06.2015
მზიურის ქვედა ნაწილი 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ. სერგი ბარისაშვილის ფოტო. 14.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი