ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

წერილი ახალგორიდან ახალი წლის წინ

31 დეკემბერი, 2019 • 3076
წერილი ახალგორიდან ახალი წლის წინ

ბოლო ერთი თვეა ჩვენს რაიონში სამოქალაქო აქტივიზმის კონტურებს ვხედავ. პირველი შემთხვევა დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრის დროს იყო, სადაც რამდენიმე ადამიანს საშუალება მიეცა ესაუბრა საკუთარ პრობლემებზე, არ შეუშინდა მის კრიტიკას, სათქმელი პირდაპირ თქვა – დაუფარავად და შელამაზების გარეშე. მეორე იყო ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივა მოსახლეობის დასახმარებლად. მათ დაიწყეს იმ მოსახლეობის სიების შედგენა, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები და ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობენ. მათ მოსახლეობაში შეაგროვეს თანხა, საკვები და დღეს ამ ყველაფრის დარიგება სოფლებიდან დაიწყეს.

ჩვენი რაიონის [ახალგორი] მოსახლეობა აქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდა, დღემდე უამრავ პრობლემას აწყდებოდნენ, თუმცა საკუთარი აზრის გამოთქმისა და, მით უმეტეს, პროტესტისგან ყოველთვის თავს იკავებდნენ. როგორც აღმოჩნდა, გზის ჩაკეტვა იყო ბოლო წვეთი და მათ ასე კოლექტიურად, ერთხმად გამოხატეს საკუთარი უკმაყოფილება.

რაც შეეხება მოსახლეობის რაოდენობას, დღეისათვის ადგილზე [ახალგორში] 1000-მდე ადამიანია, მათგან 150-მდე პირი ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშეა დარჩენილი, რადგან მათი ერთადერთი შემოსავალი ქართული პენსია იყო. მათ პურის საყიდელი ფულიც კი არ გააჩნიათ, რომ არაფერი ვთქვათ მედიკამენტებზე, რომელიც ისედაც დეფიციტია. მოსახლეობა ელემენტარულ სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს და არც გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ იმისათვის, რომ თბილისში იმკურნალონ.

მიუხედავად 2 დეკემბრის პირველი დათმობისა, რომელიც ცხინვალში უშიშროების საბჭოზე იქნა მიღებული (ამავე ორგანოს გადაწყვეტილებითაა გზა ჩაკეტილი), დღემდე არაერთი მძიმე ავადმყოფი და პენსიონერი რჩება ადგილზე, რომელთაც 4 სექტემბრის შემდეგ გადაადგილება აქვთ შეზღუდული.

26 დეკემბრის შეხვედრაზე ბიბილოვმა განაცხადა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ტექნიკური პრობლემებია. რაში მდგომარეობს ისინი? – გამშვები პუნქტის მუშაობის რეჟიმი, დაახლოებით 150-მდე ადამიანია გადასასვლელი, ასევე, სამარშუტო ტაქსის მძღოლიც უნდა იყოს ან პენსიონერი, ან უნდა ჰქონდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა.

მეორე პრობლემაა პენსიონერების ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენად შეუძლიათ მათ დამოუკიდებლად გადაადგილება.

ბოლო თვეა ადგილობრივმა მოსახლეობამ მიაგნო ერთ გზას და ასე ცდილობენ რაიონის დატოვებას. ესაა ჯავის რაიონ სოფელ სინაგურის გამშვები პუნქტი, საიდანაც მოსახლეობას თბილისში გადმოსვლა შეუძლიათ, თუმცა ეს არის ძალიან სარისკო და სახიფათო გზა. ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელმაც ეს გზა გაიარა, მომიყვა, რომ 9 საათი დასჭირდა იმისათვის, რომ წეროვანში მოხვედრილიყო.

გარდა იმისა, რომ გზა არ არის უსაფრთხო, ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ყველას არ გააჩნია. დღეს [30 დეკემბერი] ამ გზის გადაკვეთის დროს მოსახლეობის ნაწილი ტელევიზიების კამერებმაც დააფიქსირა.

ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრის შემდეგ ადგილზე დიდი უიმედობა გაჩნდა, სწორედ ამის გამო გადაწყვიტა მოსახლეობის უმრავლესობამ, რაიონი დატოვოს.

გარდა ამისა, არის ერთი მიზეზიც, მათი უმეტესობის გადაადგილების საშვის – ,,პროპუსკის“ მოქმედების ვადა 30 დეკემბერს გავიდა. ამიტომ ცდილობდნენ მოესწროთ სინაგურის გავლით წასვლა და ეს საშუალებაც არ მოესპოთ საკუთარი თავისთვის, რადგან ახალი საბუთის აღება ცალკე პრობლემებთანაა დაკავშირებული. არიან ადამიანები, რომლებმაც ,,პროპუსკები“ ორი თვის წინ ჩააბარეს გასაგრძელებლად და ჯერ არც აუღიათ.

იმის მიუხედავად, რომ ადგილზე თითქმის ყველა პროდუქტია, ფასები მაღაზიებში საგრძნობლადაა მომატებული. მოსახლეობის ნაწილს არ შეუძლია მათი შეძენა. გზის ჩაკეტვამდე გაცილებით იაფად შეეძლოთ თბილისში ეყიდათ საჭირო პროდუქტები, ზოგიერთს კი ნათესავი აწვდიდა საკვებ-პროდუქტებს.

მდგომარეობა ნამდვილად მძიმე და უიმედოა, ამ ფონს ქმნის დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის მკაცრი ტონი, რომ გზა წნელისის საგუშაგოს აღებამდე არ გაიხსნება.

 

____

მასალების გადაბეჭდვის წესი