ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვის ულტიმატუმების შემდეგ ახალგორელებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს

26 დეკემბერი, 2019 • 9311
ბიბილოვის ულტიმატუმების შემდეგ ახალგორელებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს

ახალგორის რაიონში, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლქვეშ გადავიდა, დღეს, 26 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებაზე და, შესაბამისად, ადგილობრივებთან შესახვედრად დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ჩავიდა. შეხვედრის დასრულებამდე ადგილობრივმა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ, რომელიც ბიბილოვის ულტიმატუმებმა გააღიზიანა, სავსე დარბაზი ერთხმად დატოვა.

დარბაზში რიგი დადგა იმ ადამიანებისა, რომლებიც ბიბილოვისთვის კითხვის დასმას ცდილობდნენ. ადგილობრივებმა დე ფაქტო პრეზიდენტის მისამართით შეკითხვები ქართულ და ოსურ ენებზე დასვეს. ბიბილოვი კი ოსურად და რუსულად პასუხობდა.

კითხვების ყველაზე დიდი ნაწილი გზის დაკეტვით გამოწვეულ პრობლემებს, მათ შორის, ერთადერთი შემოსავლის – ქართული პენსიის მიღების შეზღუდვასა და თბილისში მკურნალობის გაგრძელების საჭიროებას შეეხებოდა.  ყველა გამოსვლა ემოციური იყო, ადამიანების ნაწილი ტირილით ლაპარაკობდა საკუთარი გასაჭირის შესახებ, რომელიც ბიბილოვის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, 2019 წლის სექტემბრიდან ახალგორის ჩაკეტვას მოჰყვა.

“სირცხვილით როგორ გვილოცავთ ახალ წელს ჩემნაირ ავადმყოფებს. როგორ გვილოცავთ, რომლებიც ვერ გავედით სამკურნალოდ. მე ონკოლოგიური პაციენტი ვარ, ჩემი მეუღლე გულით არის ავად”, – გამოთქვა ხმამაღალი პროტესტი ერთ-ერთმა ახალგორელმა ქალმა, რაზეც ბიბილოვმა უპასუხა, რომ გულწრფელად ულოცავს მათ და მათივე ნებაა, მიიღებენ თუ არა მის მოლოცვას.

“ქართულ მხარეს მოსთხოვეთ ყველაფერზე პასუხი”, – რამდენჯერმე გაიმეორა ბიბილოვმა გზის ჩაკეტვისა და რაიონში ჰუმანიტარული კრიზისის შექმნის შესახებ ადგილობრივთა კითხვების საპასუხოდ.

“მე, როგორც რესპუბლიკის მთავარსარდალს, რესპუბლიკის საფრთხეებისა და აქ მცხოვრები სხვა მოსახლეობის მიმართაც მაქვს პასუხისმგებლობა, და როდესაც წნელისთან ქართულმა მხარემ საპოლიციო პოსტი დადგა და ადგილობრივი მოსახლეობა მათი იარაღის სამიზნე გახდა, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. შეგიძლიათ ქართულ მხარეს მოსთხოვოთ ამაზე პასუხი. წინა წლებში შეგპირდით, რომ გზა არ დაიკეტებოდა, არც გვიფიქრია არასდროს ამაზე და არც დაკეტილა იქამდე, სანამ ქართულმა მხარემ არ გამოიწვია ეს. ჩვენ ვერ გვეცოდინებოდა, რომ ქართული მხარე ამ ნაბიჯს გადადგამდა”, – უმეორებდა ბიბილოვი აღელვებულ ადგილობრივებს.

გამოსვლის დროს ბიბილოვს არც ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილის ხსენება გამორჩენია, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას და რომელმაც გზის დაკეტვის პრობლემებსა და სხვა ნიუანსების შესახებ ისაუბრა – “აი, მაგალითად, თამარ მეარაყიშვილის აქტივიზმს მაშინ ვიწამებ, თუკი ის რესპუბლიკის სხვა მოქალაქეების უფლებებსაც დაიცავს, მაგალითად, წნელისთან მცხოვრებ ადამიანებს, რომელთაც თბილისმა საგუშაგო გაუხსნა და ყოველდღიური საფრთხე შეუქმნა”.

ამ ულტიმატუმთან ერთად, ბიბილოვმა ულტიმატუმი ახალგორელთა მოქალაქეობის საკითხზეც დააყენა – “ყველას აქვს არჩევანის უფლება და ვისაც არ მოსწონს აქ ცხოვრება, ისინი თავისუფალი არიან არჩევანში”.

“77 წლის კაცი ვარ და ვტოვებ ამ პასპორტს აქ”, – განაცხადა ხმამაღლა ადგილობრივმა პენსიონერმა, რითაც დარბაზში მოსახლეობის ტაში დაიმსახურა და დე ფაქტო პრეზიდენტის წყრომა გამოიწვია.

“ეს თქვენი არჩევანია. დატოვეთ პასპორტები, კი ბატონო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აქ ბევრისთვის არ არის სამხრეთ ოსეთი სამშობლო. ამ დემარშით ვხვდები, რომ მიგიფურთხებიათ თქვენივე ასაკის ადამიანებისთვის, რომლებიც წნელისთან ცხოვრობენ. გული მტკივა, რომ ტაში დაგიკრეს ამაზე”, – განაცხადა ბიბილოვმა.

დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა, იქამდე, სანამ ადგილობრივმა მოსახლეობამ დარბაზი პროტესტის ნიშნად არ დატოვა.

ახალგორელთა ნელი სიკვდილი ბიბილოვის ავტორიტეტის გადასარჩენად

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი