ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა განუცხადა.
“ჩვენ ვფიქრობდით, რომ 40 მილიონი იქნებოდა [ზარალი], თუმცა, როგორც ჩანს, ამ თანხაში ვერ ჩავეტევით. ზარალი გაცილებით უფრო მასშტაბურია. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში მოხდეს პრედისლოკაცია თანხების, და ამავე დროს, ჩვენ ვმუშაობთ დონორებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ან ახალი დაფინანსება მივიღოთ, ანდა იმ დაფინანსებას, რომელიც აქამდე გვქონდა, შევუცვალოთ მიზნობრიობა. დღეს ჩვენ შეხვედრა გვექნება დონორებთან, გვაქვს კომუნიკაცია მსოფლიო ბანკთან და სხვა ორგანიზაციებთან და იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამ ზარალის მინიმილიზაციას”, – განაცხადა ხადურმა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით კი, დღეს გვიან ღამით თბილისში გზების გარკვეული ნაწილი გაიხსნება:
“გუშინ ღამის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა, როგორც ჩამონატანი მასალის გატანის სამუშაოები, ასევე მიმდინარეობდა აღდგენასთან და გზების მოსუფთავებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. დღეს გვიან ღამით გზების გარკვეულ ნაწილს გავხსნით, სადაც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ოჯახები, მათი ეზოები, ტერიტორიები და სახლები უფრო მეტად მოვაწესრიგოთ და დღეს, დღის ბოლომდე ამ სამუშაოებსაც მოვრჩებით”, – თქვა ნარმანიამ.
მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები ძალიან ინტენსიურად მუშაობენ, რომ ჯერ კიდევ გარეთ მყოფი ცხოველების დაკავება მოხდეს.
“მათი რაოდენობა ახლა უკვე დიდი არ არის და ვვარაუდობთ, რომ დანარჩენებსაც ვიპოვით და მათ ისევ ზოოპარკში დავაბრუნებთ”, – განაცხადა მან.