ახალი ამბები

ნინო ჩხობაძე: ჩვენ სერიოზული კატასტროფის წინაშე ვართ

15 ივნისი, 2015 •
ნინო ჩხობაძე: ჩვენ სერიოზული კატასტროფის წინაშე ვართ

მისი თქმით, სტიქია რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა – ბეთანიაში მოწყვეტილმა მეწყერმა და მდინარე ვერეს შეგუბებამ რამდენიმე ადგილზე:

 

“პირველი შეგუბება მოხდა ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე და მეორე შეგუბება – უკვე ხილიანთან, ფაქტობრივად, მდინარემ მთლიანად გამორეცხა. პორტალი, რომელშიც გამოდიოდა მილში მოქცეული მდინარე, როგორც მე ვეძახი, ეს ურტყამდა პირდაპირ ზოოპარკს. საერთოდ მილი აგუბებს და უფრო დიდი სიმძლავრით ურტყამს შემდეგ წყალი და ამის პროგნოზირება შეიძლებოდა”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა “რეალურ სივრცეში”.

ნინო ჩხობაძე. ფოტო: radio1.ge
ნინო ჩხობაძე. ფოტო: radio1.ge

 

მისივე თქმით, თავის დროზე, როდესაც ამ ესტაკადის მშენებლობა დაიწყო, გარემოს დამცველებს აჩვენეს მხოლოდ მონახაზი, რადგან, როგორც იგი ამბობს, არ არსებობდა არც გზშ და არც პროექტი. მისივე თქმით, კარგად უნდა გაანალიზდეს ის ვითარება, რაც თბილისში 13-14 ივნისს შეიქმნა.

 

“მარტო ვერე ადიდდა? ვარაზისხევიც ხომ ადიდდა აშკარად და იქ რა ხდება შიგნით, გმირთა მოედნის ქვემოთ, ესეც კი არ ვიცით ბოლომდე. იმიტომ, რომ იქ სიმკარები იყო დარღვეული მშენებლობის დროს. ჩვენ ნამდვილად სერიოზული კატასტროფის წინაშე ვართ. როცა მეუბნებიან, რომ ხვალვე შეიძლება გავხსნათ ესტაკადა, მე მეშინია იმიტომ, რომ სანამ შემოწმება არ გაკეთდება ყველა ტექნიკური ნაგებობის, რომელიც არის აშენებული, არ შეიძლება იქ მოძრაობის აღდგენა”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

 

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის, მათ შორის, გმირთა მოედანზე ესტაკადის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და 2010 წლის შემოდგომაზე ძირითადი ნაწილი დასრულდა. ახალი გზის პროექტირება “საქგზამეცნიერებამ” განახორციელა, მშენებლობა კი, კომპანიამ “Caucasus road project”-მა.

 

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში მდინარე ვერე ადიდდა, რამაც გამოიწვია ქალაქის რამდენიმე ადგილზე ძლიერი დატბორვა. ადიდებულა წყალმა იმსხვერპლა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 12 ადამიანი, 24 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ გაანადგურა ზოოპარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რის შედეგედაც დაიღუპნენ ზოოპარკის თანამშრომლები, ასევე, ზოოპარკის ბინადარი ცხოველები. ცხოველების ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

მასალების გადაბეჭდვის წესი