ახალი ამბებირეკლამა

ვერაზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო

30 დეკემბერი, 2019 • 1777
ვერაზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო

ვერაზე, პეტრიაშვილის ქუჩის N7-ში, 500 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო.

ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორი დამონტაჟდა. მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსებულ თითოეულ სპორტულ ინვენტარზე დამონტაჟებულია ინსტრუქცია და QR კოდის მეშვეობით, ვარჯიშის ვიდეოინსტრუქციის ნახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სპორტულ ინვენტარს აქვს მობილური აპლიკაცია, რომელიც აჩვენებს, თუ რომელი ვარჯიში რომელი კუნთის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, განსაზღვრავს სტატისტიკას, პროგრესს და კვების რეჟიმს.

ახლადმოწყობილი სპორტული სივრცე მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ და ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა დაათვალიერეს.

„ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანია და მსგავსი პროექტებით მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მის პოპულარიზაციას. მსგავსი მულტიფუნქციური სივრცე თბილისში სულ რამდენიმეა და ვიმედოვნებ, მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლები სპორტულ აქტივობებში ჩაერთვებიან“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამუშაოები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯა, კომპანია „გრინსერვის +“-მა შეასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი