გაუგებარია ჩვენ მიმართ გამოთქმული ბრალდებები – იმედი

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ გაუგებარია მის მიმართ დღეს არსებული ბრალდებები. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვალის დაგროვება კონკურენტის, რუსთავი 2-ის გამო დაიწყეს, რადგან ამ ტელევიზიის გადაწყვეტილება, აღარ გადაეხადა გადასახადები, “იმედს” მასთან კონკურენციას გაურთულებდა.

27 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსთავი 2-ის მაშინდელ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქცია ან თანაბარი საგადასახადო პირობების შექმნის მოთხოვნა არ მოჰყოლია. “იმედში” კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მიმდინარე დავალიანება არ ერიცხებათ, რამდენიმე მილიონიანი ვალის დაფარვა კი ისეთი გრაფიკით უნდა მოხდეს, რომ “ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანიები დახურვის საფრთხის წინაშე არ დადგნენ”.

„გაუგებარია ჩვენ მიმართ გამოთქმული ბრალდებები იმის ფონზე, რომ სინამდვილეში, თავის დროზე, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით არაკონკურენტულ გარემოში ჩვენი მაშინდელი პირდაპირი კონკურენტის – ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. მაშინ “რუსთავი 2-მა” შეწყვიტა გადასახადების გადახდა და ეს პირდაპირი ეთერით გვამცნო. ამ ტელეკომპანიამ დემონსტრაციულად შეაჩერა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება, რითაც მოიპოვა სრულიად უსამართლო და დაუმსახურებელი კონკურენტული უპირატესობა. „რუსთავი 2“ ბიუჯეტში გადასახდელი თანხის „დაზოგვით“ აუმჯობესებდა თავის სამაუწყებლო პროდუქტებს, რაც მაუწყებლის შემოსავლის ზრდის პირდაპირპროპორციულია. თუმცა მაშინ არც საპროტესტო აქცია გვინახავს და არც არსებული უსამართლო გარემოს მთავარი განმაპირობებლი პირების მიმართ გამოთქმული პრეტენზია მოგვისმენია.

ტელეკომპანია “იმედი”, მიუხედავად “რუსთავი 2-ის” გადაწყვეტილებისა, დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდა გადასახადების გადახდას იმ კრიტიკულ მომენტამდე, როცა შეგვექმნა ჩიხური მდგომარეობა და ჩვენი შემოსავლისა და ხარჯის ბალანსმა ფიზიკურად აღარ მოგვცა სრულყოფილი ფუნქციონირების საშუალება. სწორედ ამის გამო გახდა „იმედი“ იძულებული, შეეჩერებინა საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. ასევე შეგახსენებთ, რომ როგორც კი ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მოუწოდა მაუწყებლებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისკენ, ჩვენ უმოკლეს ვადებში წარვადგინეთ დავალიანების გადახდის გრაფიკი და დავიწყეთ მიმდინარე გადასახდის გადახდა. დღეის მდომარეობით, ჩვენი მიმდინარე დავალიანება შეადგენს ნულს. დარჩენილ დავალიანებას კი დავფარავთ სრულად, იმგვარი გრაფიკით, რომ ჩვენს ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანიები არ დადგნენ დახურვის საფრთხის წინაშე”, – წერია იმედის განცხადებაში.

25 დეკემბერს შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კავკასიის, ერთი რეგიონული მაუწყებლისა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს მიმდინარე დავალიანებების გამო ინკასო დაადო.

მანამდე ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს 1-დღიანი ვადა მისცა პირველი ოქტომბრიდან დროის პერიოდში დაგროვილი დავალიანების ძირი თანხის დასაფარად, თუმცა იგივე არ გაუკეთებია ძველ დავალიანებებთან დაკავშირებით, რაც ტვ კავკასიის, ტვ პირველის და სხვების შეფასებით, სხვა ტელევიზიებს მათთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ამ შემთხვევაში საუბარია ტელეკომპანია იმედზე, მაესტროსა და რ2-ზე, რომლებსაც ჯამურად ათეულობით მილიონლარიანი ძველი დავალიანება დაუგროვდათ.

რატომ დავობენ ტელევიზიები – მოკლედ და გასაგებად

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.