ახალი ამბები

ლიტვა და პოლონეთი თბილისის სტიქიით დაზარალებულთათვის საქველმოქმედო აქციებს გამართავს

14 ივნისი, 2015 • • 1036
ლიტვა და პოლონეთი თბილისის სტიქიით დაზარალებულთათვის საქველმოქმედო აქციებს გამართავს

სამინისტროს ინფორმაციით, ლიტვის ქალაქ შაულაში საქართველოს დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტის გამართვის გადაწყვეტილება შაულას ადმინისტრაციამ მიიღო. შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

რაც შეეხება პოლონეთს, საქველმოქმედო საღამოს ჩატარების იდეით პოლონელი ბიზნესმენი, ვარშავაში პოპულარული რესტორნის მფლობელი მარიუშ არტურ ნაპორა აპირებს, აცხადებს სამინისტრო.

 

უწყების ცნობით, ბიზნესმენმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მეგობრებს და საზოგადო მოღვაწეებს თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონის ჩატარებისკენ მოუწოდეა:

 

„დღეს შევიტყვე თბილისში (საქართველო) მომხდარი წყალდიდობის შესახებ. ხალხი დაიღუპა.., საქართველოს, რომელიც ისედაც არ გახლავთ მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა, უდიდესი მატერიალური ზარალი მიადგა. რა ვითარებაშიც არ უნდა ვიყოთ, მოდით, დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება, იმ მცირე შესაძლებლობებით, რაც გაგვაჩნია”.

 

იგი მეგობრებს მიმართავს, რომ აუქციონზე რაიმე ღირებული ნივთები გამოიტანონ, ხოლო შემოსული თანხები პოლონეთში საქართველოს ელჩს ოფიციალურად გადაეცემა თბილისში დაზარალებულთათვის გასაგზავნად.

 

ამ მიზნით მარიუშ არტურ ნაპორა საკუთარ რესტორანში სპეციალური ქართული საქველმოქმედო საღამოს გამართვის ინიციატივით გამოდის, აცხადებს სამინისტრო.

 

პოლონეთში საქართველოს საელჩოს დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა პოლონეთის სეიმში პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, დეპუტატმა  მიხალ შჩერბამ.

 

3 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.

 

დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან

მასალების გადაბეჭდვის წესი