ახალი ამბები

მაჭავარიანთან შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია “კავკასია” განცხადებას ავრცელებს

27 დეკემბერი, 2019 • 3888
მაჭავარიანთან შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია “კავკასია” განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია “კავკასია” ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ შეხვედრის შემდეგ მათთვის ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება მის მიმართ ლოიალურად განწყობილ ტელეკომპანიებს – იმედს, მაესტროს, რუსთავი2–ს- აყენებს სასათბურე მდგომარეობაში და აპირებს პრაქტიკულად აპატიოს მათ 55 -მილიონიანი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ.

“კავკასიაში” მიიჩნევენ, რომ ამ დავალიანების რესტრუქტურიზაციის და ფორმალურად 10 წელზე გადანაწილების გზით, ხელისუფლება ცდილობს არ შეუქმნას დისკომფორტი ამ არხებს და შეუნარჩუნოს მათ საბაზრო უპირატესობა.

ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ყველა გადაწყვეტილება ტელეარხების დავალიანებასთან და მათ ამოღებასთან დაკავშირებით მიიღება ყოველგვარი ფორმალური საფუძვლის და დოკუმენტაციის გარეშე, არაფორმალური გარიგებების გზით, კანონმდებლობის და კონსტიტუციის სრული იგნორირებით, თანასწორობის და კონკურენციის პრინციპების დარღვევით:

“ტელეკომპანია კავკასიის ანგარიშისთვის ინკასოს დადება ემსახურებოდა არა დეკლარირებულ პრინციპს, რომ “გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს“, არამედ ტელეკომპანია კავკასიის მუშაობისთვის ხელშეშლას, რომელსაც ამ ეტაპზე არ გააჩნია თანხები ერთდროულად დავალიანების დასაფარად და ფუნქციონირების გასაგრძელებლად. ჩვენს ანგარიშზე დადებული ინკასო ნიშნავს იმას, რომ მომავალი კვირიდან ტელეკომპანია ვეღარ შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას”, – აცხადებენ “კავკასიაში”.

ტელეკომპანიის განცხადებით, “კავკასიამ” მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შემოსავლების სამსახურში ელექტრონული ფორმით გაგზავნა დღეისათვის არსებული მისი დავალიანების – 26 226 ლარის და 92 თეთრის ერთ წელზე გადანაწილების მოთხონა.

ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ ეს არის კანონმდებლობით გათვალისწინებული მარტივი პროცედურა და მისი დაკმაყოფილება ერთი დღის ვადაშია შესაძლებელი:

“ამით ვაძლევთ ფინანსთა სამინისტროს შანსს, გამოასწოროს მის მიერ დაშვებული შეცდომა და ორშაბათს დილიდანვე მოხსნას ინკასო ტელეკომპანია კავკასიის ანგარიშებს. ასევე, ტესტი, არის თუ არა ის მზად თუნდაც ერთწლიანი გრაფიკი გაუკეთოს არასახელისუფლო ტელეკომპანიას, როცა სამთავრობო არხებს ვალის 10- წლიან განწილვადებას უპირებს.

თუ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არ გააკეთებს ამას, ნათელი იქნება მისი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი – ხელი შეუშალოს ტელეკომპანია კავკასიის ფუნქციონირებას” ,- აცხადებენ ტელეკომპანიაში.

სამაუწყებლო კომპანიის განცხადებით, პარალელურად მოითხოვენ, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გაასაჯაროოს ტელეკომპანიების მიერ ამ მომენტისთვის დაგროვილი დავალიანებები ყოველი თეთრის სიზუსტით, გაასაჯაროოს მოლაპარაკებების პროცესი და დეტალურად აცნობოს საზოგადოებას, როგორ აპირებს ტელეკომპანია იმედის, მაესტროს და რუსთავი2–ის დავალიანების – 55 მილიონი ლარის ამოღებას:

“არავის აქვს უფლება, ერთპიროვნულად, კანონის სრული იგნორირებით, დახურულ კაბინეტებში, შერჩევითი მიდგომით გადაწყვიტოს ტელეკომპანების ყოფნა–არყოფნის და საბიუჯეტო თანხების ჩუქება–პატიების ბედი. ტელეკომპანია “კავკასია” სამართლებრივი გზებით და პროტესტის სხვა ფორმებით გააგრძელებს ტელეარხების მიმართ ხელისუფლების უსამართლო პოლიტიკასთან ბრძოლას”, – აცხადებენ ტელეკომპანიაში.

რატომ დავობენ ტელევიზიები – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი