ახალი ამბები

ომბუდსმენის თქმით, მოსამართლეობის კიდევ 6 კანდიდატის შერჩევა ხარვეზებით წარიმართა

27 დეკემბერი, 2019 • 908
ომბუდსმენის თქმით, მოსამართლეობის კიდევ 6 კანდიდატის შერჩევა ხარვეზებით წარიმართა

სახალხო დამცველის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესის მოსამართლეობის მორიგი 6 კანდიდატს შერჩევის პროცესში კვლავ ხარვეზები გამოვლინდა.

ომბუდსმენის განცხადებით, დარჩენილი 6 ვაკანსიის ფარგლებში კანდიდატები შეირჩნენ 32 კანდიდატს შორის, ფარული კენჭისყრით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრიდან, ვინც კენჭისყრაში მონაწილეობდა, 7 ბიულეტენში ზუსტად ემთხვეოდა ერთი და იმავე კანდიდატების გვარები:

“კენჭისყრაში სულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი მონაწილეობდა. ხმების დათვლისას გამოვლინდა 7 ბიულეტენი, სადაც 32-დან ზუსტად ერთი და იგივე 6 კანდიდატი იყო შემოხაზული. ყველა მათგანი გადავიდა მომდევნო ეტაპზე და იმავე დღეს გამართული კენჭისყრით, საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით, წარედგინა საქართველოს პარლამენტს. 6 კანდიდატიდან 5-მა მიიღო საბჭოს 10 წევრის მხარდაჭერა, 1-მა (გიორგი ტყავაძემ) კი – 11” ,- აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის თქმით, 6-ვე კანდიდატმა მიმდინარე წლის ზაფხულში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება გაიარა და შეფასდა ქულებით, 1 კანდიდატი (პაატა სილაგაძე) კი უკვე იყო წარდგენილი პარლამენტისთვის, გასაუბრება გაიარა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, თუმცა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 48 კანდიდატის მიერ, ჯამში, მიღებული ქულებით, აღნიშნული 6 კანდიდატი იკავებდა მე-14, მე-19, 21-ე, 27-ე, 30-ე და 32-ე სარეიტინგო ადგილს:

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პარლამენტისათვის არც პირველ ეტაპზე და არც ახლა არ წარუდგენია კანდიდატები, რომლებიც იკავებდნენ მე-13, მე-17, მე-18, 25-ე, 28-ე, 29-ე და 31-ე სარეიტინგო ადგილს. აღნიშნული ცხადყოფს, რომ კანდიდატთა კომპეტენტურობის ქულებით შეფასების მიუხედავად, ქულების რაოდენობა არ იყო განმსაზღვრელი ფაქტორი კანდიდატების შერჩევისას. ამავდროულად, ქულების ანონიმურად და დაუსაბუთებლად მინიჭების გამო იმის თქმაც რთულია, რომ ყველაზე მაღალი ქულების/შეფასების მქონე კანდიდატები სხვა კანდიდატებზე უკეთესები არიან კომპეტენტურობითა და კეთილსინდისიერებით”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული ნორმების კონსტიტუციურობაზე და აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ხარვეზიანია მოქმედი კანონმდებლობა და სერიოზული პრობლემები ვლინდება მისი აღსრულების ეტაპზე, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების გაზიარება კიდევ უფრო მეტად დამაზიანებელ ზემოქმედებას ახდენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მდგომარეობაზე.

რა გავიგეთ მოსამართლე პაატა სილაგაძის მოსმენიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი