მერიის ცნობით, სასტუმროებში- „მერლინი“, „ხიბლი“, „ბახტრიონის 11ა“, „444“, აისბერგი“, „ტეხასი“ და „ლევილი“, 165-მდე ადამიანი განთავსდა.
260-ზე მეტ ადამიანს კი ვაკისა და საბურთალოს რაიონის გამგეობები პირველ ეტაპზე ქირით უზრუნველყოფენ. სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა და მათი განთავსების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, აცხადებს მერია.
მერიის ცნობით, უსახლკაროდ 40-ზე მეტი ოჯახია დარჩენილი.
13 ივნისს დაწყებულმა წვიმამ მდინარეების, ვერესა და მტკვრის ადიდება გამოწვია. წყნეთი-ბეთანიის გზატკეცილზე ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი და იძებნება 24. 36-მა დაშავებულმა მიმართა საავადმყოფოებს. მთავრობის ცნობით, ზარალი მიახლოებით 40 მილიონი ლარია.
დაიტბორა თბილისის ზოპარკი, მისი ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ნაწილი კი დააძინეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, სამაშველო სამსახურები თბილისში ეძებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველებს. მერია მოუწოდებს თბილისის მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ თბილისში გადაადგილებისგან.