ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” მთავრობისგან პრეზიდენტის განცხადების ოფიციალურად უარყოფას მოითხოვს

25 დეკემბერი, 2019 • 1023
“ევროპული საქართველო” მთავრობისგან პრეზიდენტის განცხადების ოფიციალურად უარყოფას მოითხოვს

“ევროპული საქართველო” ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელს უწოდებს პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ჩვენ მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს პრობლემური საზღვარი, არამედ აზერბაიჯანთან და სომხეთთანაც”.

“ევროპული საქართველო” მოითხოვს, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად უარყოს პრეზიდენტის განცხადება და თქვას, რომ საქართველოს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან არანაირი საზღვარი არ აქვს.

“ჩვენ მივეჩვიეთ მისგან ქვეყნისთვის საზიანო, მავნებლური და ხშირად უბრალოდ ბრიყვული განცხადებების მოსმენას, რომელსაც მმართველი გუნდი ხშირად ხსნის ხოლმე არასრულყოფილი ქართულით ან კონტექსტის არცოდნით, მაგრამ ის, რაც გუშინ მოვისმინეთ, არაფერში ჯდება. მინდა პრეზიდენტს შევახსენო, რომ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან საქართველოს საზღვარი არ აქვს. მაინტერესებს, რომელი კონტექსტის არცოდნით შეიძლება გამართლდეს ის, რაც ამ ქვეყანაში იცის ნებისმიერმა პირველკლასელმა ბავშვმა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის საქართველოს ნაწილი, ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანი არიან ჩვენი მეზობლები.

რომელი კონტექსტით, ან რომელი ფრანგულით, ან რომელი საკითხის არცოდნით შეიძლება გამართლდეს ასეთი რამ? რითი შეიძლება გამართლდეს, როდესაც ერთ სიბრტყეზე აყენებ საოკუპაციო ხაზს, რომელიც არ არის აღიარებული მსოფლიოში არავის მიერ რუსეთის გარდა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს შენს მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან?”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა”, დავითგარეჯის საკითხზე საუბრისას თქვა: “ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არა გვაქვს, როგორც პრობლემატური საზღვარი, ასევე, აზერბაიჯანთან და სომხეთთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი