ახალი ამბები

შესაძლებელია ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟა დავარეგულიროთ – ტიკარაძე

25 დეკემბერი, 2019 • 1828
შესაძლებელია ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟა დავარეგულიროთ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ფარმაცევტული კომპანიების მიერ მაღალ ფასებთან დაკავშირებით მოქალაქეებს და სამინისტროს კითხვები აქვთ. იმისთვის, რომ ამ კითხვებს პასუხი გაეცეს, ტიკარაძის თქმით, შესაძლებელია ფარმაცევტული კომპანიებისთვის ახალი რეგულაციების შემოღება, რომლის მიხედვითაც მათ მოგების მარჟა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დაურეგულირდებათ. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს დღეს, 25 დეკემბერს უთხრა:

“რა თქმა უნდა, მრავალი ფაქტორი მოქმედებს ფასზე, თუმცა ყველაზე პრობლემურია, რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი ის მოგების მარჟა, რომელიც გააჩნია ფარმაკოლოგიურ კომპანიებს. იმისათვის, რომ ამაზე ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს საუბარი, ან გაეცეს პასუხი იმ არსებულ კითხვებს, რომლებიც მოქალაქეებს და ასევე ჩვენც გვაქვს, ამისათვის უნდა გამოვიყენოთ სწორი დისტრიბუციის პრაქტიკა, სადაც არის გამჭირვალე, საქართველოს საზღვრის შემოსვლის შემდეგ საცალო გაყიდვამდე, თუ რა პროცენტული დანამატი დაემატება მედიკამენტს”, – განმარტა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მოგების მარჟის დარეგულირება საქართველოში, ტიკარაძემ უპასუხა, რომ “ეს რეგულირდება ყველა ქვეყანაში, შესაბამისად, შესაძლებელია დარეგულირდეს საქართველოშიც”.

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის განმარტებით, მინისტრის განცხადება მხოლოდ მოგების მარჟის დარეგულირების შესაძლებლობას გულისხმობს. მისი განმარტებით, აპირებს თუ არა ამას ხელისუფლება, ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია.

თუმცა კაპანაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მოგების მარჟის დარეგულირებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვყანაში არსებობს როგორც პირდაპირი, ასევე, არაპირდაპირი რეგულაციები.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ იდეაზე სერიოზულად დაიწყებენ ფიქრს, უწყება გაითვალისწინებს უცხო ქვეყნების პრაქტიკას, შეარჩევს საუკეთესოს და მოარგებს ქართულ რეალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი