ახალი ამბები

ივანიშვილისა და გახარიას მისალოცი სიტყვები ილია მეორეს

25 დეკემბერი, 2019 • 2194
ივანიშვილისა და გახარიას მისალოცი სიტყვები ილია მეორეს

“ქართული ოცნების” თამჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია II-ს აღსაყდრებიდან 42 წელი მიულოცეს.

ბიძინა ივანიშვილმა სვეტიცხოველში გამართულ საზეიმო ლიტურგიაზე ილია II-ის ღვაწლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პატრიარქი და ეკლესია ის საყრდენია, რომელიც ერს დაბნულობისას სჭირდება:

“მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი, როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წლის წინ. 42 წლის განმავლობაში უამრავი გმაოწვევა და განსაცდელი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ. უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც საჭიროებდა ერი სწორებას და ძალიან ხშირად ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდათ.

დღესაც, მოგეხსენებათ, რომ რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ გადავლახოთ ყველა გამოწვევა და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს” ,- თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

ჯანმრთელობა უსურვა პატრიარქს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც და იმ ღვაწლის შესახებ ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ილია II-ს ქვეყნის წინაშე სხვადასხვა მიმართულებით აქვს:

“შეუძლებელია შევაფასოთ მისი ღვაწლი საგანმანათლებლო მიმართულებით და შუძლებელია შევაფასოთ მისი ღვაწლი ქვეყანაში სიმშვიდის, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. პატრიარქი არის ჩვენი მწყემსი და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის სახელით მე ვულოცავ მას ამ დიდ დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და ბევრი- ბევრი ხანი, ბევრი წლები კიდევ წყემსოს საქართველო” ,- თქვა გახარიამ.

ილია II-მ “ქართული ოცნების” ლიდერებს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა:

“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ბიძინა, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე და ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას.

მე მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება, შემესრულებინა ეს საქმე. ჩვენი ერი ღვთისგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. დალოცვილი იყავით, მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისა, ჩვენთან არს ღმერთი” ,- თქვა ილია II-მ.

მასალების გადაბეჭდვის წესი